რაში დასდეს ბრალი ნიკო ნიკოლაძეს და იაკობ გოგებაშვილს, რატომ აბუნტდნენ ფოთელები და რა მოხდა 23 ივლისს 

8481

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ირმა სინაურიძემაყაშვილი

ფოთის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები, ქალაქის ვაჭრები და მოსახლეობა ტფილისს მიდიან, რათა გუბერნატორს მოსთხოვონ, ნიკო ნიკოლაძე ფოთის თავის თანამდებობაზე დატოვოს…

ნიკო ნიკოლაძე კოლოსალური ოდენობის ქრთამის – 358 000 მანეთის აღებაშია ეჭვმიტანილი… გაზეთი „ბათუმი“ წერს, რომ  უფალ ნიკოლაძეს თითქოს ფული ფოთის პორტის მშენებლებისაგან, კომპანია „ბუნგე-პალაშკოვისგან“ აუღია… თავად ნიკოლაძე არ უარყოფს ფულის მიღებას, მაგრამ ამბობს, რომ ეს თანხა ჰონორარის სახით აიღო, კერძო სამუშაოს შესრულების გამო…

ვინ დაიჯერებს ბატონ ნიკოლაძის უღირს საქციელს?! 18 წელია, ფოთს საკუთარი შვილივით უვლის… ააყვავა, დაამშვენა…  1894-ში, ფოთის თავის არჩევნებში 210 კაცი მონაწილეობდა, აქედან 193-მა ხმა მისცა ნიკოლაძეს, 17 წინააღმდეგი წავიდა. გულდასაწყვეტია, რომ ამ 17 კაცში შედიოდნენ იონა მეუნარგია და ნესტორ თავდგირიძე…

ნიკო ნიკოლაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

დიდია ნიკოლაძის წვლილი ქალაქის გადასხვაფერებაში. უმწიკვლო რეპუტაცია ერთი წუთითაც არ შელახვია ამ 18 წლის მანძილზე… ისიც კარგად ვიცით, როგორი კეთილშობილი საზოგადო მოღვაწეა, ევროპულად განსწავლული ადამიანი, პრაქტიკოსი საქმოსანი და თეორიული მოაზროვნე. ერთ ადამიანში ამდენი თვისების ერთად თავმოყრა უჩვეულოა და ძნელად მოსაძებნი, ამიტომაც ჰყავს უამრავი მტერი… არც დღე სძინავს და არც ღამე. თავზე ადგას სკოლების, ხიდების, სამკურნალოების, ეკლესიების მშენებლობას. მისი დამსახურებაა   ფოთში ელექტროტრამვაის შეყვანაც, პორტიდან ქალაქის ცენტრში რომ გადაჰყავს ხალხი…

ჭაობიანი, პატარა ფოთი მოკლე დროში ევროპულ ქალაქად გადააქცია. რვაჯერ წავიდა პეტრეს ქალაქში, რათა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაერწმუნებინა, პორტის აშენება აუცილებელიაო… აგერ, 12 წლის წინ, საფრანგეთის საერთაშორისო გამოფენაზე, ქალაქ ფოთის სახალხო განათლების სასწავლო მასალები წარადგინეს. ამბობენ, გადარეულან ფრანგები, ამ პატარა ქალაქში ეს ყველაფერი საიდანაო.

ფოთი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

მარტო ფოთის ქალაქის ხმოსნების ამომრჩევლებისადმი მიმართვაში რაც წერია, ისაა საკმარისი, ამ დიდებული კაცის ღვაწლი დაინახოო. აბა, ნახეთ: წყალდიდობისაგან აკლებულ ფოთს ულმობელ სტიქიისაგან შველა ესაჭიროებოდა, ამისათვის ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო და ახლა წყალი ისე თავისუფლად ვერ დასეირნობს ქუჩებში, როგორც წინათ; შავს ვარსკვლავზე დაბადებული პორტი მკვდრეთით აღდგენას ლამობდა და გააცოცხლა. ნავსადგურის განახლებით ფოთსა და საქართველოს დიდი სარგებლობა მოუტანა, ევროპა დაგვიახლოვა, აღებ-მიცემობა გააძლიერა; გადაჭიმა სამი ხიდი, რომელთაგან ორი ქალაქსა და დიდ კუნძულს პორტთან აერთებს და მესამე – ფოთელების მასაზრდოებელ გურიასთან; ახალი ხიდების აგებით გააუქმა მდინარე მალთაყვაზე და რიონზე ნავებით გადასაყვან-გადმოსაყვანი უზომო გადასახადი, გაჭირვებულ ხალხის შემავიწროებელი; მოსპო ძველ რკინის ხიდზე დაწესებული ბაჟი; ააშენა ელექტრონის სადგური, რომელიც პორტსა და ქალაქს ანათებს; გააბა ტელეფონის ქსელი, რომლის ბოძები თავმორთულ კეკლუც პატარძალივით ქუჩებს ამშვენებს; გააკეთა, ნაცვლად დახავსებულ სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებლების ხის სახლებისა, ლამაზი, აგურის ორსართულიანი შენობები, რომელსაც მხარს უმშვენებენ ახლად დაარსებული ქალების და ვაჟების გიმნაზიის ქვის შენობები და სხვა სკოლები; უხერხულ ადგილას მოთავსებული სავაჭრო მოედანი გადაიტანა მოხერხებულ ბინაზე, სადაც გაშენებულია გადახურული ბაზარი და სასწორი. იქვე გაკეთებულია ოთხი ქვის დუქანი და სხვა; მოაწყო სასაკლაო და ორი წყლის ამოსაღები გენებიკის სისტემისა, რომელიც მცხოვრებლებს სუფთა წყალს აწვდის; განაახლა ქალაქის კოშკი და მის გვერდით ამართა უზარმაზარი ეკლესია ბიზანტიის სტილზე, რომელიც თავის აგებულობით იპყრობს მნახველთა ყურადღებას; მოუპოვა სამკურნალოს და პოლიციას საკუთარი ბინა; მოაწყო ცხენის რკინიგზის ლიანდაგი; ნავსადგურში მიმავალი ქუჩების მოკირწყვლა და სხვა გზატკეცილების გაყვანა თუ ძნელად ოცნებაში არსებობდა, დღეს სინამდვილედ გახდა; ქალაქის განაპირა ადგილები (ჩოჩხატის აგარაკი) შეიძინა ბანკიდან; საქონლის საწყობები გამართა პორტში და ელევატორში; ნახევარკაპიკიანი საფუთო გადასახადის დაარსებას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ფინანსებისათვის, რომ მისი წყალობით სულდგმულობს ადგილობრივი კულტურული დაწესებულებანი…

უცნაური ხალხი ვართ… ადამიანი სახელს მოიხვეჭს თუ არა, იმ წამს ყველა მის წინააღმდეგ ვირაზმებით, მის ლანძღვა-გინებას ვიწყებთ, მისი გათელვა გვინდა…  რამდენიმე წლის წინ   არ იყო ყოვლად სამარცხვინო სასამართლო პროცესი ქუთაისში, როცა „საადგილმამულო ბანკის“ თაოსნები,  80 წლის მოხუცები – დავით ბაქრაძე და კირილე ლორთქიფანიძე გაასამართლეს?!  ორივეს, 30 წლიანი უმწიკვლო მუშაობის სტაჟით, კატორღა მიუსაჯეს. კიდევ კარგი, ასაკმა უშველათო…

და იაკობ გოგებაშვილი? ერთი თვეა, მიწას მივაბარეთ… იმ ცხონებულს პოლიტიკურ ორგულობასა და სეპარატიზმს სწამებდნენ. იმასაც არ მოერიდნენ – სასწავლებლის შემოსავალ-გასავლის წიგნი მოიპარეს, რომ გოგებაშვილისთვის თანხების გაფლანგვა დაებრალებინათ და თანამდებობიდან მოეხსნათ. გოგებაშვილი რამდენიმე დღე საშინლად ღელავდა, თურმე… ერთ დღეს კი ძლივძლივობით წამოდგა ფეხზე, მტკვრის ნაპირას ჩავიდა და თავის მოსაკლავად წყალში შევიდა. გადაარჩინეს. მთელი თვე იწვა  წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში. თანამდებობიდან მოხსნისთანავე მთავრობამ ბინა ჩამოართვა, მერე ნიკო ცხვედაძემ გადაიყვანა თავისთან. სულგანათლებულ იაკობს, სხვა რომ არაფერი ეკეთებინა, „დედა ენა“ ეყოფოდა საცხონებლად… აკი ილია წერდა: „ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანმოუხედავად ვთხოულობთ „დედაენისათვის“ რთულსა და დამოუკიდებელ გზას სასწავლებელში, ეგ მარტო „დედაენის“ სიყვარულით არ მოგვდის, ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაცა, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია“…

სხვა რა… ალექსანდრე ხახანაშვილს 27 ივლისს ჩამოასვენებენ თბილისში და ქაშვეთში დაასვენებენ…

გუშინ ბორჯომის მატარებლით ბაკურიანსა და ცხრაწყაროში ექსკურსიაზე წავიდა ბესტუჟევის ქალთა კურსის 40 მსმენელი.. ისინი ერთი კვირის წინ ჩამოვიდნენ პეტერბურგიდან კავკასიის დასათვალიერებლად…  1912 წელი. 23 ივლისი…

ისტორია – ეს ნამდვილი სიმართლეა წარსულზეო – ამბობენ… ჰოდა, ამ სიმართლის წყალობით, 23 ივლისი მეტად არასასიამოვნოდ დარჩა საქართველოს ისტორიაში, თუნდაც იმიტომ, რომ  1993 წლის 23 ივლისს გრადის ტიპის დანადგარებით მასიურად დაიბომბა სოხუმი. ქალაქში 40 ჭურვი აფეთქდა. ერთი წლის შემდეგ კი, ანუ 1994 წლის 23 ივლისს, ორი თვის ვადით, აბაშის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, ხობის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს რაიონებში და ნიკო ნიკოლაძის ნაფერებ ქალაქ ფოთში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, კომენდანტის საათი გამოცხადდა. ხოლო როცა 1997 წლის 23 ივლისი გათენდა, თამარაშენში ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი ააფეთქეს.

ასეთი ჩამონათვალის შემდეგ, კაცს ძალიან მოესურვება, ისაუბროს განსხვავებულად, ვიდრე ფიქრობს და იფიქროს  განსხვავებულად, ვიდრე უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ამის მისაღწევად, მინიმუმ ფრანც კაფკა მაინც უნდა იყო… სხათა შორის, დღეს მისი დაბადების დღეა.