პრემიერი: რეგიონული მმართველობის სტრუქტურაში არსებული ხარვეზები შევცვალეთ

721

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2019 წელს, 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ის 6 თვის მონაცემებით 100%-ით მეტად ასრულებს ამ დავალებას, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტის სამინისტრომ შეძლო და 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურაში.

“გასული წლის ზაფხულში, როდესაც მე წარმადგინეს პრემიერმინისტრის პოსტზე, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გავუსვით ხაზი. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი ეს გახლავთ რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც ჩვენ გვქონდა პრობლემები, ხარვეზები, რაც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების ვერათვისებაში. ჩვენ შევცვალეთ ბევრი რამ, მათ შორის რეგიონული მართვის სტრუქტურა. ბევრი პროცესები და პროცედურები და დღეს გვაქვს სრულიად განსაკუთრებული შედეგები.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ისინი 6 თვის მონაცემებით 100%-ით მეტად ასრულებენ ამ დავალებას. ინფრასტრუქტის სამინისტრომ შეძლო და 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ჩვენს ინფრასტრუქტურაში.

რეგიონული განვითარება ეს არის სასიცოცხლო მიმართულება ჩვენთვის. აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია ჩვენი რეგიონების განვითარებით“, – განაცხადა ბახტაძემ.