ადგილობრივი თვითმმართველობები პარლამენტსა და მთავრობაზე უკეთ მუშაობენ – გამოკითხვის შედეგები

513

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ადგილობრივ თვითმმართველობების საქმიანობას პარლამენტსა და მთავრობაზე უკეთ აფასებენ – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშში წერია.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებისა და ინსტიტუციის მუშაობას, ადგილობრივი თვითმმართველობა, 48%-ით, მეხუთე ადგილზე მოხვდა. თვითმმართველობებს კვლევაში მხოლოდ ეკლესია, არმია, მედია და პოლიცია უსწრებს. ამავე კვლევით, გამოკითხულთა 44% თვითმმართველობის მუშაობას უარყოფითად აფასებს, ხოლო 8%-მა არ იცის, როგორ მუშაობს ეს ინსტიტუცია.

რაც შეეხება ისეთ სახელმწიფო უწყებებს, როგორიცაა პარლამენტი, მთავრობა და სხვა, მათი რეიტინგი ასეთია: მეშვიდე ადგილზე, 37%-ით პარლამენტია, მერვე ადგილზე, 35%-ით – მთავრობა, ხოლო მე-10 და მე-11 ადგილებს – 33-33%-ით პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის აპარატები არიან.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევებთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეიტინგი გაზრდილია. მაგალითად, IRI-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევით, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა 43% იყო. ბოლო კვლევით კი ეს მაჩვენებელი 4%-ით არის გაზრდილი.

გამოკითხვა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვა ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა და 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს.