გურიაში მიმდინარე წელს 6 საჯარო სკოლა და 5 საბავშვო ბაღი აშენდება

1114

გურიის რეგიონში მიმდინარე წელს 6 საჯარო სკოლა და 5 საბავშვო ბაღი აშენდება. ამასთან, მიმდინარეობს რეგიონის 9 სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 32 სკოლის შენობის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

“საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის თანადაფინანსებით, მიმდინარეობს სკოლის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნის მოწყობა. ასევე, დაგეგმილია ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციური ცენტრის პროექტირება/მშენებლობა. ამასთან ერთად განხორციელდება საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის სრული რეაბილიტაციაც. ხოლო, ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში და დაბა ჩოხატაურში, დაგეგმილია კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალის ორი სასწავლო კორპუსის მშენებლობა”, – ამბობენ სამხარეო ადმინისტრაციაში.