შირაქის ველზე უმართავი ხანძრების შესაჩერებლად პარლამენტს ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონის სასწრაფოდ მიღებას სთხოვენ

2763

წინა სტატია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, უმართავი ხანძრების შესაჩერებლად პარლამენტს ქარსაფარი ზოლების შესახებ კანონის სასწრაფოდ მიღებას სთხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით პეტიცია 2 დღის წინ manifest.ge-ზე გამოქვეყნდა. მისი ავტორი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წევრი, პავლე თავაძეა. მანიფესტს უკვე 500 ადამიანი აწერს ხელს.

“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, უმართავი ხანძრების გამო შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში მოსავლის აღების შემდეგ ათასობით ჰექტარზე გავრცელდა ხანძარი.

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ფერმერების მიერ დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა წლიდან წლამდე მეორდება, ნადგურდება ქარსაფარი ზოლები, რითაც დიდი ზიანი ადგება, როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე ბიომრავალფეროვნებას.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის და შს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები ცდილობენ, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიებებით, ისე ხანძრების ლიკვიდაციით, შეაჩერონ ქარსაფარი ზოლების განადგურება, მაგრამ ეს მათ ძალებს აშკარად აღემატება.

ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები მოვითხოვთ, დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ”, – წერია პეტიციაში.

შირაქისა და ალაზნის ველებზე ადგილობრივი მოსახლეობა, ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების შემდეგ, მიწის ნამჯისაგან გასაწმენდად ნაკვეთებს ცეცხლს უკიდებს. ასეთი ხანძრები ამ ტერიტორიას შავ, ხრიოკ ადგილად აქცევს. შედეგად კი იკლებს ნიადაგის ნაყოფიერება, ნადგურდება ბიომრავალფეროვნება, თითქმის სრულად განადგურდა ქარსაფარები, ჰაერში გამოიყოფა კარცეროგენები, ხშირად იწვება ჯერ კიდევ ასაღები მოსავალი, ტექნიკა და წასაღებად გამზადებული ნამჯა, იმატებს ტემპერატურა, რაც ისედაც გაუდაბნოების მაღალი რისკის მქონე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემა ათწლეულებია, არსებობს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არაეფექტურია, რის გამოც პრობლემა წლიდან წლამდე პრობლემად რჩება.

რაც შეეხება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ კანონს, მასზე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო და არაერთი საკონსულტაციო შეხვედრაც გამართა. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი კი, ჯერ კიდევ 2016-2017 წლების საქმიანობის ანგარიშში მიუთითებდა, რომ “საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ კანონპროექტებზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა, კანონის მიღება ამ დრომდე არ მომხდარა.