უმუშევრობა, გზები და ინფრასტრუქტურა – პრობლემები, რომლებიც გამოკითხულთა უმეტესობას საკუთარ ქალაქსა თუ სოფელში აწუხებს

371

წინა სტატია

შემდეგი სტატია

უმუშევრობა, გზები, იფრასტრუქტურა და სასმელი წყალი – ესაა პირველ სამ ადგილზე მდგომი პრობლემა, რომელსაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხული მოქალაქეები საკუთარ ქალაქებსა თუ სოფლებში ასახელებენ.

კითხვაზე, რომელია ყველაზე აქტუალური საკითხი თქვენს ქალაქში, მუნიციპალიტეტსა თუ სოფელში, გამოკითხულთა 40% უმუშევრობას ასახელებს, 11% – გზებს, ხოლო 10% – მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას.

9%-ისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სასმელი წყლის პრობლემაა, ხოლო 8%-სთვის – სიღარიბე.

5-5% ყველაზე აქტუალურ საკითხად სოფლის მეურნეობასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხებია. ასევე, 5% თვლის, რომ მის ქალაქში, მუნიციპალიტეტსა თუ სოფელში პრობლემები არ არის.

გამოკითხულთა 4% ეკონომიკურ მდგომარეობაზე, 3-3% გასართობი ადგილების ნაკლებობაზე, სოციალურ პრობლემებსა და მაღალ კომუნალურ გადასახადებზე აკეთებს აქცენტს, ხოლო 2%-ისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურული საწარმოები, საცობები, უკანონო მშენებლობები და გაზმომარაგების პრობლემებია.

გაცილებით რთული ვითარებაა საერთოეროვნულ ჭრილში. კითხვაზე, რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი ქვეყნის წინაშე, გამოკითხულთა 73% ამბობს, რომ უმუშევრობა, 34% ცხოვრების ხარჯებს და მაღალ ფასებს, ხოლო 28% სიღარიბეს ასახელებს.

გამოკითხვა, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ჩაატარა, 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს. გამოკითხვა თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა.