გორის მერიის თანადაფინანსებით 200 ბავშვი ბანაკში დაისვენებს

1688

გორის მუნიციპალიტეტის მერია ასოციაცია “ტონთიოსთან“ ერთად, თანადაფინანსების პროგრამით 12 – დან 16 წლამდე მოზარდებს ბანაკში უფასოდ დაასვენებს. მერია პროექტს 31 550 ლარით დააფინანსებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“საზაფხულო ბანაკი 2019“ ატენის ხეობაში, სოფელ ბობნევში 23 ივლისს გაიხსნება. ბანაკში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 200 ბავშვი 4 ეტაპად დაისვენებს. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. ახალგაზრდები საველე პირობებში, კარვებში იცხოვრებენ.

მოზარდებს კონკურსის წესით შეარჩევენ. კონკურსი ორ ეტაპს ითვალისწინებს: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს.

ბანაკში დასვენების მსურველმა ბავშვებმა უნდა წარადგინონ: შევსებული აპლიკაცია, მშობლის თანხმობის წერილთან ერთად, დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა N 100.

სასურველია დოკუმენტაციას დართული ჰქონდეს: რეკომენდაცია სასწავლებლიდან, არასამთავრობო ორგანიზაციიდან, მიღებული სერტიფიკატები.

აღნიშნული დოკუმენტაცია დასკანერებული სახით ელექტრონულად უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე: Youthgori2019@gmail.com ან მიიტანოთ გორის მერიის ახალგაზრდულ განყოფილებაში.

პირველი ნაკადში მოხვედრის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება დასრულდება პარასკევს 19 ივლისს და შერჩეული 50 კანდიდატი ბანაკში 23 ივლისს გაემგზავრება. დოკუმენტაციის მიღება არ შეწყდება და მომდევნო ჯგუფები ეტაპობრივად დაკომპლექტდება.