ინვესტიცია ისტორიული უბნის წინააღმდეგ – რა საფრთხე ემუქრება ბათუმს?

1104

ავტორი: ანი გუგეშაშვილი

ქაოტური განაშენიანება, მოსახლეობის პროტესტი და მშენებლობა, რომელიც ბათუმის ისტორიულ ზონაში ზღვასთან გასასვლელს დაკეტავს. საქმე ეხება ე.წ რივიერას ტერიტორიაზე 5 ცათამბრჯენის მშენებლობას, რომელთაგან ყველაზე მაღალი 45 სართულიანი (130 მეტრის) უნდა იყოს. პროექტი საცხოვრებელ სახლს, სასტუმროს, გასართობ და საზოგადოებრივ სივრცეებს, რესტორნებსა და კაზინოებს მოიცავს. რა წერია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადებულ “აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია 2013-ში”, როგორ ასაბუთებს მერია მშენებლობის აუცილებლობას და რა საფრთხეებს ხედავენ მოქალაქეები?

აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია 2013-ში”, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური დახმარებით შეიმუშავა, ვკითხულობთ, რომ აჭარის ზღვისპირეთში ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ და ფართომასშტაბიანმა ტექნოგენურმა დატვირთვამ უარყოფითი გავლენა იქონია ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკურ პროცესებზე, რაც ნაპირების წარეცხვასა და მასზე აშენებული ობიექტების ნგრევაში გამოიხატა.

“ტექნოგენური და ანთროპოგენური დატვირთვა ყველაზე მეტად შეეხო ზღვის სანაპირო ზონის ყველაზე აქტიურ ზოლს – პლაჟს. აჭარის ზღვის სანაპირო ზონაში ბუნებათსარგებლობის პროცესში აუცილებელია რაციონალური მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ნაპირების მდგრადობისა და რეკრეაციულ-საცხოვრებელი ტერიტორიების შენარჩუნებას. ამ პროცესში კლიმატის ცვლილების რისკების შეფასება და გათვალისწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია”, – ნათქვამია კვლევაში.

This slideshow requires JavaScript.

მიუხედავად ამისა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა “რივიერას” ტერიტორიაზე კომპანია ”სილქ როუდ ჯგუფის” და “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით წარდგენილი პროექტით ჯერ 6, შემდეგ კი 5 ცათამბრჯენის მშენებლობას განიხილავს. პროექტის მიხედვით, მშენებლობის I ეტაპი 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით, სამი წელი გაგრძელდება.

კვლევის იმ ნაწილს კი, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ – “დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა”, – ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა მიზეზის გამო უგულებელყოფს.

ბათუმის მერის თქმით, არც ერთი ადამიანი წყალში არ ჩაყრის ამხელა თანხას და არავინ დააყენებს საკუთარ თავს დარტყმის წინაშე. შესაბამისად, გეოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე, მშენებლობის საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს.

ბათუმის საკრებულოს 16 ივლისს გამართულ სხდომაზე მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა კი განაცხადა, რომ “რივიერას“ განხორცილებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ სჭირდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის აზრს არ იზიარებენ საზოგადოება ”ბათომის” წევრები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. მეტიც, მათი შეფასებით, თუ ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონაში მოექცევა, იქ ამ მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელი იქნება.

“მოხდა ცვლილება და “რივიერას” ტერიტორია ამოიღეს ისტორიული დაცვის ზონიდან, სხვა შემთხვევაში იქ ამ მასშტაბის მშენებლობები შესაძლებელი აღარ იქნებოდა”, – განმარტავს Droa.ge-სთან საუბრისას საზოგადოება ”ბათომის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინო ინაიშვილი.

მისივე თქმით, ისტორიული განაშენიანების თვალსაზრისით, მსგავსი მშენებლობა წარმოუდგენელია. ზღვასა და ქალაქს შორის ისედაც კედელია აღმართული და მხოლოდ ეს ერთადერთი მონაკვეთია დარჩენილი, რომლის ამოქოლვაც იგეგმება.

ცნობისთვის, ბათუმის “რივიერას“ ზღვის მხარიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარი, ქალაქის მხრიდან კი ბათუმის ძველი უბნები ესაზღვრება.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე არ უარყოფს, რომ სადავო ტერიტორია ქალაქის ისტორიული ნაწილია. თუმცა, მერია “რივიერას” განვითარებას სწორედ ამ კუთხით, იქ ცათამბრჯენების მშენებლობაში ხედავს.

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, დიახ, ეს ტერტორია არის ისტორიული ქალაქის საზღვრებში, მაგრამ ეს არის 6 ჰექტარი მინდორი, რომელზეც ამჟამად მდებარეობს მილიტარისტური ბუნკერი და წელიწადის ძირითადი პერიოდის განმავლობაში არის ქცეული კატარღებისა და ნავების გასაჩერებელ ადგილად. ჩვენ ვსაუბრობთ 6 ჰექტარი ტერიტორიის სწორ არქიტექტურულ და ეკონომიკურად ღირებულ გადაწყვეტილებაზე”, – განმარტავს ბათუმის მერი.

ისტორიულად, “რივიერა“ ქალაქის სტრატეგიული ადგილს წარმოადგენდა. ოსმალეთის იმპერიის დროს იქ ციხე-სიმაგრე ‘ბურუნ ტაბიე“, ხოლო მეფის რუსეთის დროს “მიხეილის ფორტი“ მდებარეობდა. ციხე-სიმაგრიდან შემორჩენილ ნანგრევებს 2018 წელს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს. მერის თქმით კი, გეოგრაფიკის კვლევით, იქ არანაირი ძეგლის ნატამალი არ არის შერჩენილი.

ლაშა კომახიძე ფიქრობს, რომ ამ ადგილს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მისი გამოყენება ქალაქის სასარგებლოდ აუცილებელია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნულ ტერიტორიას ისტორიული ზონის სტატუსი მიენიჭება, არაფერი შეიცვლება.

“ზონის დამტკიცების შემთხვევაშიც კი არაფერი შეიცვლება, რადგან ამ ზონის დამტკიცების შემთხვევაშიც ეს ტერიტორიაზე გენერალური გეგმის კოეფიციენტით და იგივე პარამეტრებით რჩება”, – აღნიშნავს კომახიძე.

მშენებლობას ეწინააღმდეგება ოპოზიციაც. მათი თქმით, გადაწყვეტილება მხოლოდ ეკონომიკური კუთხით არ უნდა მიიღონ, თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ ეს აჭარისთვის მომგებიანი პროექტია, რადგან მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, მშენებლობაზე კი რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება.

“ბათუმს, შესაძლოა, შეემატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც ტურისტული, ისე ქალაქის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. მსხვილი, მძლავრი ტურისტულ-ეკონომიკური ცენტრის შექმნა მოუტანს ქალაქს ახალ სიცოცხლეს, გადაიყვანს მას განვითარების აბსოლუტურად ახალ, ძლიერ ეტაპზე. პირადად ჩემთვის, როგორც მერისთვის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, ნამდვილად არ არის უმნიშვნელო 1 000-მდე სამუშაო ადგილი რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელსაც ეს პროექტი ჰპირდება ჩვენს ქალაქს. ასევე, ეს პროექტი პირდაპირი შემოსავლების გზით ყოველწლიურად 20 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს მოუტანს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებით, ეს პროექტი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, თვალსაჩინო ობიექტი გახდება”, – ასე ეხმიანება ბათუმის მერი დაგეგმილ მშენებლობას.

საზოგადოება “ბათომში” ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მშენებლობის ნებართვას გასცემს. ნინო ინაიშვილის თქმით, ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროექტს მხარი დაუჭირა, ბევრ რამეზე მეტყველებს.

“გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ცათამბრჯენები უნდა აშენდეს. ცხადია, ეს ვისი ინტერესია. მისი ინტერესებია და ახლა ყველა ინსტიტუცია იმუშავებს იმაზე, რომ “სილქ როუდ ჯგუფს” ადვილად გადაალახინონ ყველა ბარიერი, რაც კი არის”, – ამბობს ინაიშვილი.

“ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც “რივიერაზე” მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არიან. “საპროტესო განწყობა, რომელიც ბათუმში “რივიერაზე” დაგეგმილი 5 ცათამბრჯენის მშენებლობას უკავშირდება, “ნაციონალური მოძრაობისგან“ არის მართული”, – ამბობს ის.

ინაიშვილის განცხადებით, საზოგადოება “ბათომი” პროტესტს არ შეწყვეტს და აუცილებლად იდავებს სამართლებრივად, რომ მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემა გადააფიქრებინოს.

გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით გაკეთებული დასკვნის და მოქალაქეთა არაერთი პროტესტის მიუხედავად, 16 ივლისს ბათუმის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით პროექტ “რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმის დასამტკიცებლად საქმისწარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა.

ჯერჯერობით, უცნობია, მისცემს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება გიორგი რამიშვილის კომპანიას – “სილქ როუდ ჯგუფს” მშენებლობის ნებართვას. გადაწყვეტილების მიღებამდე “რივიერას” პროექტი საჯარო სივრცეში, არქიტექტორებთან, საზოგადოებრივ, არასამთავრობო და სხვადასხვა წრესთან რამდენიმე დღეში უნდა განიხილონ. ბოლო ეტაპზე კი გრგ-ეს დასამტკიცებლად საკრებულოს საკითხი ხელახლა წარედგინება.

მანამდე კი ბათუმში მცხოვრები აქტივისტები პროტესტს განაგრძობენ – დღეს 19:00-ზე საპროტესტო აქცია მემედ აბაშიძის ქუჩაზე, იუნკერების მემორიალთან გაიმართება.