საფრთხის შემცველი შენობები ახალციხეში (ფოტო)

1020
ფარნავაზ მეფის ქუჩა

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: ნანა ინასარიძე

ახალციხეში არსებული რამდენიმე შენობა წლებია იშლება და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათი ნაწილი მე–19 საუკუნეშია აშენებული. დანგრევის პირას მყოფ შენობებში ანტისანიტარიაა.

ახალციხეში, პაატა ნათენაძის ქუჩის N56–ში უკვე წლებია არავინ ცხოვრობს. შენობის კედელი გამონგრეულია, დაზიანებულია სახურავი და შესასვლელი კარი, ჩამსხვრეულია ფანჯრის მინებიც. შენობის დანგრეულ ნაწილში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია. მეზობლები ამბობენ, რომ შენობა მცხოვრებლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ნათენაძის ქუჩა

“ამ შენობის მესაკუთრე რუსეთში ცხოვრობდა და იქ გარდაიცვალა. ექვს წელზე მეტია, შენობა სხვამ შეიძინა, თუმცა არასდროს უცხოვრია აქ. წლებია, ნაგავი ყრია, შენობაც ინგრევა. ეს სახლი ბავშვებისთვის და ჩვენთვისაც საფრთხის შემცველია,“ – ამბობს მეზობლად მცხოვრები ქალი.

ნათენაძის ქუჩასთან ახლოს, ცენტრალური გზის გასწვრივ, სულხან–საბას ქუჩაზე, სულ რამდენიმე მეტრში მეორე საფრთხის შემცველი შენობა გვხვდება, ისიც უყურადღებოდ დარჩენილი.

სულხან-საბას ქუჩა

დამტვრეულია სახურავი, შენობის ნაწილი კი, ჩამონგრეულია, თუმცა მისი მეპატრონე შენობის შეკეთებას აპირებს: “ეს შენობა შარშან შევიძინე და ბუნებრივია, გავაკეთებ. ჩემამდე ვინც იყო მფლობელი, ის სათავსოდ იყენებდა და მოუვლელია. მერიიდან მოვიდნენ და სიტყვიერი გაფრთხილებაც მომცეს, რომ ვიზუალური მხარე მოვაწესრიგო“, – ამბობს შენობის მეპატრონე ზურა სადათიერაშვილი.

კიდევ ერთი ძველი და დაიზანებული სახლია ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. იგი მე–19 საუკუნის დასაწყისშია აშენებული. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, წარსულში სახლი შეძლებულ ადგილობრივს, იაკობ დურგლიშვილს ეკუთვნოდა. გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობა, რომელსაც ორნამენტებიანი ხის აივანი აქვს, დღეს დანგრევის პირასაა.

ფარნავაზ მეფის ქუჩა

თითქმის იგივე მდგომარეობაშია რუსთაველის N36–ში არსებული შენობის აივანი, რომელიც ახლა ორ ოჯახს ეკუთვნის. ხის მოჩუქურთმებული აივანი, სახლს სავარაუდოდ, მე–19 საუკუნის დასაწყისში მიაშენეს. მას შემდეგ კი რესტავრაცია არ ჩატარებია. აივნის ფიცრები უკვე დამპალი და ჩამოშლილია.

“ჯერ ვერ გადავწყვიტეთ, რა ბედი ეწევა აივანს. ან მთლიანად გავაკეთებთ, ან სულ მოვხსნით“, – ამბობს აივნის ერთ–ერთი მეპატრონე ელმირა ნორვარდიანი.

რუსთაველის ქუჩა

ქალაქში არსებული ძველი და ისტორიული შენობების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მცხოვრებლების განცხადებებს ელოდებიან.
“სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვებზე, გააფრთხილა თუ არა მერიამ ამ შენობების მეპატრონეები და გეგმავს თუ არა ისტორიული შენობების რეაბილიტაციას, თვითმმართველობაში ასე უპასუხეს: “მოსახლეობის მხრიდან განცხადება არ შემოსულა. თუ მსგავსი სიტუაცია იქნება, ჩვენ შევისწავლით და შემდეგ გადავწყვეტთ, გავუწევთ თუ არა დახმარებას“.