Hollywood-ის მსგავსი წარწერა, ნატვრის ხე და ფრანების ფესტივალი – პროექტები, რომლისთვისაც ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტიდან 120 ათასი დაიხარჯება

1077

ავტორი: ანი გუგეშაშვილი

მაისის თვიდან ბათუმის მერიამ საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის – “შენი იდეა ბათუმს” განხორციელება დაიწყო.

საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც ბათუმმა აირჩია, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული ვერსიაა. ამისათვის სპეციალურად შეიქმნა შესაბამისი ვებპლატფორმა, რომელიც მასზე დარეგისტრირებულ მოქალაქეს აძლევს როგორც საკუთარი იდეის წარდგენის, ისე მისთვის საინტერესო იდეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობას.

პროექტში, ბათუმის მერიასთან ერთად, ჩართულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, რომელსაც მხარს აშშ-ის საერთაშორის სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის
ინიციატივა საქართველო (GGI GEORGIA) და პური მსოფლიოს (BFTW) უჭერენ.

როგორც პროექტის დაწყებისას მერიაში განმარტავდნენ, ბათუმში რეგისტრირებულ ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც პროექტში მონაწილეობა სურდა, ჰქონდა შესაძლებლობა, დაერეგისტრირებინა, ან ხმა მიეცა სასურველი იდეისთვის და გადაეწყვიტა, რომელ სამ პროექტს მოხმარდებოდა მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის გამოყოფილი თანხა.

ამასთან, სავალდებულო პირობას წარმოადგენდა, რომ პროექტი ყოფილიყო თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული, 1 იდეის საპროექტო ღირებულება კი არ გასცდენოდა 40 ათას ლარს. ჯამში, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, 120 ათასი ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე 35 იდეა შევიდა. პირველ ეტაპზე, 10-დან 15 ივნისის ჩათვლით წარდგენილი იდეები მრჩეველთა საბჭომ გადაარჩია, შემდეგ კი შერჩეული 10 პროექტისთვის ხმის მიცემა დაიწყო. 30 ივნისს, ღამის 12 საათზე, როგორც კი პროექტებისთვის ხმის მიცემა დასრულდა, მერიამ 3 გამარჯვებული იდეა გამოავლინა. ამ სამ იდეას ჯამში ხმა 980-მა მოქალაქემ მისცა.

როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსმა, აკაკი გვიანიძემ droa.ge-ს უთხრა, ჯამში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში 2 000-მდე მოქალაქე ჩაერთო, რაც, ბათუმში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოსახლეობის მაქსიმუმ 1-1.5% გამოდის.

ამ მონაცემის გათვალისწინებით, droa.ge დაიტერესდა, აპირებს თუ არა ბათუმის მერია პროექტში ცვლილებების შეტანას იმისათვის, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, გვანიძემ თქვა, რომ პროექტს, ასაკობრივი ზღვრის გარდა (18-წლამდე ახალგაზრდები), შეზღუდვა არ აქვს, შესაბამისად, მასში მონაწილეობა ბათუმში რეგისტრირებულ ყველა სრულწლოვანს ისედაც შეუძლია, ამიტომაც ცვლილებები პროექტში არ იგეგმება.

როგორც უკვე გითხარით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში ჩართვა მოქალაქეებს იმის საშუალებას აძლევს, რომ თავად გადაწყვიტონ, თუ რა პროექტებზე უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა. ის ხელს უწყობს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის დიალოგს და გადაწყვეტილების მიღებაც მოქალაქეთა ჩართულობით ხდება. ამგვარი მიდგომა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, იდენტიფიცირება მოახდინონ, განიხილონ და დაადგინონ საჯარო ხარჯებით დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტულობა.

მოდით, ვნახოთ, რა პროექტებს დაუჭირეს ბათუმელებმა მხარი:

შერჩეულ პროექტებს შორის ბათუმში Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთება, ფრანების ფესტივალის ჩატარება და ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციით გაკეთებული ნატვრის ხის დადგმა გადაწყდა.

თეონა კეშელავა, რომელმაც მერიას Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთება შეთავაზა, პროექტის აღწერისას განმარტავს, რომ ახალი წარწერა ბათუმს ბევრად უფრო ლამაზსა და მიმზიდველს გახდის. მისი თქმით, ქართული და ლათინური ასოებით დაწერილი “ბათუმი” ულამაზეს სანახაობას შექმნის.

ლაშა კუკულაძის იდეა ფრანების ფესტივალს ეხება, რომელიც, სავარუდოდ, აგვისტო-სექტემბერის პერიოდში ბათუმში ჩატარდება და 2-დღიანი იქნება. კუკულაძის სურვილია, რომ ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართოს.

იდეის ავტორის თქმით, ფესტივალის მიმდინარეობისას, დაინტერესებული პირებისთვის მარსტერკლასები ჩატარდება, რომელზეც სამოყვარულო ფრანების გაშვებას და ხელნაკეთი ფრანების აწყობას ასწავლიან; ასევე, პროფესიონალი ფრანოსნები სპორტული ფრანების შოუს მოაწყობენ; დაუკავშირდებიან, აგრეთვე, სხვა ქვეყნების ფრანოსნობის კლუბებს, რომლებთანაც სამომავლოდ ითანამშრომლებენ. კუკულაძის თქმით, ფესტივალის მიზანს ბათუმის სანაპირო ზოლის გამოცოცხლება წარმოადგენს.

რაც შეეხება თამთა ჯინჭარაძის იდეას, მან მერიას ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციით გაკეთებული, ფერადი ნათურებითა და ბათუმის სიმბოლოებით გაფორმებული ნატვრის ხის დადგმა შეთავაზა. მისი თქმით, ნატვის ხე, როგორც ოცნების ახდენის სიმბოლო, საზოგადოებაში სიხარულსა და დიდ ინტერესს გამოიწვევს. ნატვრის ხე სანახაოებრივი იქნება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

რამდენად ადეკვატურია ეს პროექტები იმ საჭიროებებთან, რაც ბათუმს და იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ და გაამართლა თუ არა მერიის მოლოდინი მოქალაქეების მიერ წარდგენილმა იდეებმა? აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ პროექტის ბიუჯეტის გათვალისწინებით, ბათუმის მერიას ინფრასტრუქტურული, ან სხვა რაიმე მსხვილი პროექტის განხორციელების იმედი არ ჰქონია, რადგან მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ 120 ათასი ლარის გამოყოფა გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, ამ მცირე ბიუჯეტის გათვალისწინებით, მერიის მოლოდინი სწორედ ის იყო, რომ პროექტები, უმეტესად, ბათუმის გალამაზებისა და მიმზიდველობის გაზრდას შეუწყობდა ხელს.

გვიანიძე პირობას დებს, რომ მომდევნო წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტის თანხები გაიზრდება, წელს გამარჯვებული პროექტების განხორციელება უკვე დაიწყო და 2019 წლის დეკემბრამდე დასრულდება.