„მთის კანონის“ მიღებიდან 4 წელი შესრულდა – რა გაკეთდა დღემდე და რა იგეგმება მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის?

2789

4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა კანონიმაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ მიიღო. დღეისათვის საქართველოში არსებული დასახლებების თითქმის ნახევარს – 1,731 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა, მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 9% ცხოვრობს. ჯამში, მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 245 287 პირი სარგებლობს.

რა შეიცვალა მაღალმთიან დასახლებებში სპეციალური კანონის მიღების შემდეგ და რა მოუტანა იქ მცხოვრებ მოსახლეობას ამ კანონმა?

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პირველივე წელს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი შეიქმნა. ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა იყო, – ამბობენ სამინისტროში.

კანონის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები. ყოველწელიურად მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი 20 მილიონი ლარით განისაზღვრება. კანონის ამოქმედებიდან დღემდე კი ფონდისთვის 86 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობის და სოციალურ პროექტზე დაიხარჯა.

სოციალური შეღავათები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დღემდე, სხვადასხვა სოციალური პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 183 მილიონი ლარია დახარჯული. კერძოდ:

პირველი, მეორე, მესამე და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების სახით 15 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 23 მილიონ ლარზე მეტი, საპენსიო დანამატის სახით 81 ათას ბენეფიციარზე გაიცა 82.5 მილიონი ლარი, სოციალურ პაკეტზე დანამატის სახით 17 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 10 მილიონ ლარზე მეტი, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით 1,700-ზე მეტ ბენეფიციარზე გაიცა 12.3 მილიონი ლარი, ელექტროენერგია დაახლოებით 20 მილიონი ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს, მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით კი გაიცა 34 მილიონ ლარზე მეტი.

გარდა ამისა, კანონმდებლობით, გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდში მოქალაქეთა დახმარება გათბობის უზრუნველსაყოფად.

საგადასახადო შეღავათები

რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით უკვე ისარგებლა 300-ზე მეტმა საწარმომ და 20,000-ზე მეტმა პირმა.

საგაზაო ინფრასტრუქტურა

უწყების ცნობით, მთის მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებისა და ეკონომიკურ აქტივობის ხელშეწყობის მიზნით, ასევე, იგეგმება მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობები. ასეთი პროექტებია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის 28 კმ-იანი გზის მშენებლობა, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51.8 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა, სნო-ჯუთა- როშკა- შატილი და კიდევ რამდენიმე ხეობის და ასევე, ბაღდათი-აბასთუმნისა და ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.

სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პროექტები

რაც შეეხება სხვა პროექტებს, სამინისტროს ცნობით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდადნ 2 ათას პროექტზე მეტი დაფინანსდა; საძოვრების გამოყენების პროგრამით 2017 წლიდან 29 ბენეფიციარზე გაიცა 17 მილიონ ლარზე მეტი; „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გასულ წელს გამოიყო 1 მილიონი ლარი, ხოლო წელს – ნახევარი მილიონი ლარი; „მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობისთვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში კი გასულ წელს 23 000 ლარი დაიხარჯა.

2 მლნ ლარით ფინანსდება წელს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, 1 მლნ ლარით კი – ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში წელს გამოყოფილია 1 220 000 ლარი.

ტურიზმი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი იყო 2013 წელს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაარსება, რომლის ფუნქციად განისაზღვა საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტის (გუდაური, ბაკურიანი, (დიდველი, კოხტა-მიტარბი) გოდერძი, მესტია (თეთნულდი და ჰაწვალი) მართვა, მათი განვითარების მიზნით.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბოლო წლებში საქართველოს მთის კურორტებზე ტურისტების რაოდენობა, 2011-2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 578%-ით არის გაზრდილი.

რა წერია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიაში?

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. სტრატეგია მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ  შეიმუშავა. დოკუმენტი მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და არსებული პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

სტრატეგია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერითა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა. იგი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების თანასწორი და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.

სტრატეგიით დაგეგმილია საშუალო, მცირე, მიკრობიზნესის ხელშეწყობა და მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება, ფერმერული მეურნებობებისა და კოოპერატივების, ასევე, ბაზარზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მხარდაჭერა, აგროდაზღვევის სისტემის განვითარება, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წახალისება, სამეწარმეო უნარების ასამაღლებლად შესაძლებლობების შექმნა და განვითარების სპეციალური პროგრამების შემუშავება.

სტრატეგიული ხედვის შესაბამისად, საბაზისო ინფრასტრუქტურის, სოციალური და საჯარო სერვისების, ტურისტული მიმზიდველობის, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის გზით, 2023 წლისათვის მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე და დემოგრაფიული დინამიკა.

ხედვის მისაღწევად სტრატეგია ითვალისწინებს სამ მიზანს, ესაა: მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა.

სტრატეგიის მიზნები მოიცავს ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, განათლების, ჯანდაცვის, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას,   სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვას და სხვა.

სტრატეგიით შემუშავებული ხედვის მისაღწევად კონკრეტული ღონისძიებები გათვალისწინებულია ორწლიან სამოქმედო გეგმაში. განსაზღვრული ისიც, თუ რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს ესა თუ ის აქტივობა, ღონისძიება და რა მოცულობით.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობა, გზების, ამბულატორიული შენობების, სკოლების, საბავშვო ბაღების, მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, პრევენციული ღონისძიებები ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია,  ელექტროფიცირება, გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია და მუნიციპალიტეტებში ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა.

სტრატეგიის   ორწლიანი   სამოქმედო   გეგმის   საპროგნოზო   ბიუჯეტი   დაახლოებით   700   მილიონი   ლარია.