თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

313

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. მისი თქმით, დიდგაბარიტიანი ავტობუსებისთვის სპეციალური საავტობუსო დერეფნები შეიქმნება.

“დედაქალაქში შემოვა უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. მათთვის შეიქმნება სპეციალური საავტობუსო დერეფნები და ავტობუსებს კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი მიენიჭებათ ავტოსატრანსპორტო მოძრაობაში. ამ ტიპის სწრაფად მოძრავ ავტობუსებთან წვდომის საშუალება მცირე ზომის ავტობუსებთან ერთად იქნება მიკროავტობუსები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში ინმოძრავებენ, სიცრუეა.

“სიმართლესთან ახლო არაა, რომ თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. რაც შეეხება მათი ინტეგრირებას ერთიან სატრანსპორტო ქსელში, ამას მთელი რიგი სამუშაოები სჭირდება, ვინაიდან ეს არის კერძო კომპანია, რომელზეც ნებართვები გაიყიდა ჯერ კიდევ 2011 წელს და ამ კომპანიასთან ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები. მინდა გითხრათ, რომ ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის თვითონ მიკროავტობუსების პარკის სრულებით განახლება, რომელზეც ვმუშაობთ და ამ მოლაპარაკების შედეგებს ჩვენ გავაცნობთ საზოგადოებას“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე “ვითიბი” ბანკისა და ბანკი “ქართუს” პლასტიკური ბარათებითაც შესაძლებელია. ამასთან, ტურისტები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაცგადაიხდიან.

ცნობისთვის, 4 ივლისიდან უბილეთო მგზავრები 5-ის ნაცვლად 20 ლარით ჯარიმდებიან.