გორის ბაღებში აღმზრდელის პოზიციის დაკავებას პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებიც შეძლებენ

148

გორის საკრებულომ მხარი დაუჭირა დადგენილებაში ცვლილებას, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელის პოზიციის დაკავებას პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებიც შეძლებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აქამდე აღმზრდელისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იყო. ცვლილების შემდეგ კი, აღნიშნული პოზიციის დაკავება, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებს შეეძლებათ.

საკრებულოს წევრი ზურა ყაჯრიშვილი განმარტავს, რომ პროფესიული განათლება აუცილებლად სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უნდა იყოს.

“თუ აღმზრდელის პოზიციაზე დასაქმების მსურველს აქვს უმაღლესი განათლება, აუცილებელია, რომ ის იყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების, განათლების, ფსიქოლოგიის ან ხელოვნების მიმართულებით, რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, აუცილებელია სკოლამდელი აღზრდის კვალიფიკაცია”, – აცხადებს ზურა ყაჯრიშვილი.

როგორც ცნობილია, იდეის ინიციატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილია.