წყალი საათში 65 ლარად – შეჩერებული პროექტი ახალციხეში

777

ჭაჭარაქსა და მინაძეში ადგილობრივები ნაკვეთების მორწყვისთვის საათში 65 ლარს იხდიან. პროექტი, რომლის ფარგლებშიც ექვსი სოფლის გასარწყავიანება იგეგმებოდა, მათ შორის ჭაჭარაქის და მინაძის, შესაძლოა, აღარ განხორციელდეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხეში, ჭაჭარაქში მცხოვრები კარლო ვირაბიანი კარტოფილის მოსარწყავად საათში 65 ლარს იხდის, ამბობს, რომ სათანადო რწყვის პირობებში 30 მეასედზე ხუთი ტონა კარტოფილს მოიყვანს, მაგრამ იმის გამო, რომ ფული არ აქვს, ნაკვეთს ხშირად ვერ რწყავს, შესაბამისად მოსავალიც ნაკლები აქვს.

“ღია არხით მოდის, იქაც იპარება, ნათესებს თოხით და ბარით ვადგავართ, რომ რაც შეიძლება მეტი ფართობის მორწვა მოვასწროთ“, – ამბობს კარლო ვირაბიანი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ექვსი სოფლის მინაძის, ჭაჭარაქის, ახალშენის, ანდრიაწმინდის, წყორძისა და ღრელის გასარწყავიანების პროექტი, იაპონიის საელჩოს დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო, პროექტის მიხედვით 200 ჰექტარი ფართობი უნდა მორწყულიყო, სათავე კი ურავლის წყაროს წყლები იქნებოდა. თუმცა სამუშაოები ურაველში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტის გამო მალევე შეჩერდა. ადგილობრივები შიშობენ რომ მდინარის რესურსი ექვს სოფელს არ ეყოფა და სისტემის მოწყობის შემთხვევაში სოფელი ურაველიც უწყლოდ დარჩება.

იმის დასადგენად, რომ ურავლის ხეობაში წყლის დებეტი პროექტის განსახორციელებლად საკმარისი იყო, ახალციხის მერიამ გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასებაც გააკეთა, თუმცა ადგილობრივები პროექტის განხორციელებაში მაინც ვერ დაარწმუნა. გაგრძელდება თუ არა ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტი, უცნობია.

“ჯერ-ჯერობით გაჩერებულია, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.

იაპონიის საელჩოს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ უწყების თანამშრომლები მივლინებაში არიან, რის გამოც პასუხი კითხვაზე – ძალაშია თუ არა სოფლების გასარწყავიანების პროექტის დაფინანსების საკითხი – პასუხი არ აქვთ.