1-ელი ივლისიდან დღემდე 1 060 ტაქსს A კატეგორია ხოლო 6 805-ს – B კატეგორია მიენიჭა

87

1-ელი ივლისიდან დღემდე 1 060 ტაქსს A კატეგორია ხოლო 6 805-ს – B კატეგორია მიენიჭა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ცნობით, ტაქსის მძღოლებს 10 ივლისიდან კატეგორიის მისანიჭებლად ან ნებართვის მისაღებად, უკვე შეუძლიათ, რომ იუსტიციის სახლებს მიმართონ.

როგორც ცნობილია, 1-ელი ივლისიდან ტაქსების ორ – A და B კატეგორიად დაყოფის პროცესი დაიწყო. მათ შორის განსხვავებაა, როგორც სტანდარტული მონაცემების, ასევე პრივილეგიების თვალსაზრისით. კონკრეტულად, A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი, თეთრი ფერისა და ტექნიკური ინსპექტირების მქონე. ამასთან, აღნიშნულ კატეგორიას მოეთხოვება ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით “TAXI თბილისი“. B კატეგორიის ტაქსები კლიენტებს მხოლოდ აპლიკაციის სერვისის მეშვეობით მოემსახურება, მათ არ მოეთხოვებათ ავტომობილის თეთრი ფერის სტანდარტი.

რაც შეეხება პრივილეგიებს, A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები გარკვეული უპირატესობებით ისარგებლებენ. კონკრეტულად, მათ გადაეცემათ უფასოდ ავტომანქანის შეღებვის ვაუჩერი, ასევე მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. ამასთან, აღნიშნული კატეგორია ისარგებლებს უფასო გასაჩერებელი ადგილებით. აგრეთვე, მათ შეეძლებათ რეკლამის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსება და შემოსავლის მიღება.

გარკვეული პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ B კატეგორიის მძღოლები. კონკრეტულად, საკრებულოს დადგენილების მიხედვით, მათ არ უნდა აიყვანონ მგზავრი ქუჩიდან. ნაცვლად ამისა, უნდა უზრუნველყონ მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნითაც მივიდნენ გამოძახების ადგილზე. ამასთან, მათ არ ექნებათ უფლება განათავსონ ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“, ასევე, ვერ ისარგებლებენ ტაქსის გასაჩერებელი საპარკინგე ადგილებით.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების კატეგორიზაციაში 10 ივლისიდან იუსტიციის სახლიც ჩაერთო.  ამასთან, ცნობილია, რომ  ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი.