ბითაძე: მიკროავტობუსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს, კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვაზე ვფიქრობთ

751

დედაქალაქის მერია „თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვას აპირებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მერია უკვე მუშაობს.

“ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია “სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში. არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს“, – განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების მდგომარეობა არასახარბიელოა და კვლევის შედეგად გაირკვევა, სჭირდება თუ არა ის დედაქალაქს.

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის თქმით კი, ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა, შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრაონ. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მიკროავტობუსები, სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებენ.