ე.წ ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, ჯართში ჩააბარებენ

215

ე.წ ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თბილისის მერია ჯართში ჩააბარებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, “ბოგდანის“ ავტობუსების უმრავლესობა ჩამოსაწერია.

“ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას ჩანაცვლების მომენტში, ან ისეთი ავტობუსები, რომლებიც ვიცით, რომ ხშირად ექვემდებარებიან შეკეთებას, რაც არახარჯთსარგებლიანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ავტობუსები, ბუნებრივია, ჩამოიწერება საერთოდ და მოხდება ჯართში ჩაბარება.

ხოლო ავტობუსები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა კიდევ ითვლის 5-6 წელიწადს, შემოწმების შედეგად, შესაძლებელია გადანაწილდეს. თუმცა, წინასაწრი მონაცემებით, არსებულ ავტოპარკზე, ყვითელი “ბოგდანის“ ავტობუსებზე, დიდ იმედებს არ ვამყარებთ. პრაქტიკულად, უმრავლესობა ჩამოსაწერია“, – განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე “ვითიბი” ბანკისა და ბანკი “ქართუს” პლასტიკური ბარათებითაც შესაძლებელია. ამასთან, ტურისტები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან.

ცნობისთვის, 4 ივლისიდან უბილეთო მგზავრები 5-ის ნაცვლად 20 ლარით ჯარიმდებიან.