ზუგდიდში ბარათაშვილის ქუჩაზე გარეგანათების შეკეთებას ითხოვენ

725

ზუგდიდში ბარათაშვილის ქუჩაზე უკვე კვირაზე მეტია ლამპიონები არ მუშაობს. ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მერიის ცხელ ხაზზე დარეკეს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. მოქალაქეებს ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ნათურებს ვერ შეცვლიან, რადგან არ აქვთ ტექნიკა და ფინანსები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

თავის მხრივ, მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადგილზეა საჭირო ტექნიკა და ზუგდიდის ქუჩებში ლამპიონებზე ნათურების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

“ბარათაშვილის ქუჩის პარალელურად, ცხელ ხაზზე სხვა ქუჩებიდანაც მივიღეთ ინფორმაცია, ამიტომ ყველგან ერთდროულად ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება”, – ამბობენ მერიაში.

ზუგდიდის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის ბიუჯეტი 2019 წელს 4 მილიონი ლარია. ცენტრში 280 ადამიანია დასქმებული და ხელფასებზე 2 196 000 ლარი იხარჯება.