ეკა გიგაური: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადებით მმართველ პარტიას სურს, ძალაუფლება რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს

650

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადების გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნება სურს რაც შეიძლება დიდი ხნით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. მისი თქმით, სწორეს ამას ეხება ფედერიკა მოგერინის და საქართველოს სხვა პარტნიორებისთვის მიმართვა.

“ამ ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ თუ რას ნიშნავს პროპორციული სისტემის გადავადება საქართველოში. ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ ვიწრო საარჩევნო რეფორმასთან. ეს დაკავშირებულია იმასთან თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა მომავალში და უნდა თუ არა მმართველ გუნდს საქართველო განვითარდეს დემოკრატიული მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადების გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნება სურს რაც შეიძლება დიდი ხნით. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ მათ მოახდინონ ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია. ეს არის საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და ამაზე ვთხოვთ ჩვენ მეგობრებს მწვავე რეაქციას. ქვეყნის შიგნით ჩვენ ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ”,- განაცხადა ეკა გიგაურმა.