მერია ლისის ტბაზე სამშენებლო და არასამშენებლო ზონებს განსაზღვრავს

1045

თბილისის მერია უახლოეს მომავალში კონკურსის გამოცხადებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო და არასამშენებლო ნაწილებად დაიგეგმება და ზუსტად განისაზღვრება ის ტერიტორიები, რომლის განაშენიანებაც შესაძლებელი იქნება.

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აღნიშნავს, ლისის ტბის ხევების ამოვსებით ტბის დაკარგვა არ უნდა მოხდეს.

„იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ლისის ტბას ვკარგავთ. ჩვენ ურბანული განვითარებით ხევები ამოვავსეთ, რომლითაც ტბა იკვებებოდა და ამან ტბის კვდომა გამოიწვია, ეს ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ.

მერია მუშაობს ტბის შევსების ღონისძიებების დაგეგმვის პროექტზე და ჩვენ ამ კონკურსის ფარგლებში სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიებს ზუსტად განვსაზღვრავთ, ხოლო თითოეული მესაკუთრე, რომლის უფლებებიც ამ შემთხვევაში შეზღუდული იქნება ბუნებრივია მონაცვლეობისა და კომპენსირების პროცესი დაიწყება“ – განაცხადა მაია ბითაძემ.