“შუამთობის” დღესასწაულის ორგანიზებისთვის ადიგენის მერია ტენდერს აცხადებს

860

ფერსათის მთაზე “შუამთობის” ტრადიციული სახალხო ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც 28 ივლისს გაიმართება, ადიგენის მერია 2 850 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

სატენდერო წინადადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართება. კერძოდ, მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები ერთმანეთს ჭიდაობაში, სირბილში, ძალოსნობაში, მკლავჭიდსა და დოღში შეეჯიბრებიან.

ადიგენის მერიის ინფორმაციით, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები, მედლები და სიგელები გადაეცემათ, რომელთა მომზადებაზეც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა იზრუნოს.

ამასთან, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიების დასრულების შემდეგ 40 პერსონაზე გათვლილი საკვები და საჭირო ინვენტარი (სკამი, მაგიდა, თეფში, ჭიქა) უნდა უზრუნველყოს.