რუსთავში ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გახსნეს

1016

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გახსნეს. როგორც მერიაში აცხადებენ,სერვისცენტრი ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისთვის მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის.

“რუსთაველები ქალაქის მერიაში მოუსვლელად შეძლებენ მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობას, მშენებლობის და მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, ბინის პრივატიზებას, აუქციონის თუ იჯარის შესახებ განაცხადის გაკეთებას და სხვა მუნიციპალური მომსახურების მიღებას”, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული ტექნიკით და ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობით, რაც რუსთაველებს, სხვა საჯარო უწყებების სერვისებით სარგებლობის და პორტალ My.gov.ge-ზე წვდომის საშუალებასაც მისცემს. სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მისაღებად, მოქალაქეებს მხოლოდ ID ბარათი დასჭირდებათ. აქვე, ჭყონდიდელის სახელობის დასახლებაში მცხოვრები რუსთაველები, ქალაქის მერთან შეხვედრის დაგეგმვასაც შეძლებენ.

“მნიშვნელოვანია, რომ ეს სერვისები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოსახლეობაზე და მათ კმაყოფილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მე იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახალ სერვისცენტრში იმუშავებენ, მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს და ერთი ფანჯრის პრინციპი გაამართლებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

სერვისცენტრის შენობა ევროკავშირის პროექტის -“მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში დაპროექტდა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. შენობის შიდა დიზაინზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რუსთაველმა არქიტექტორებმა Co-Design-ის მეთოდით იმუშავეს.