ახალციხის ოთხ სკოლას გაარემონტებენ

93

ახალციხის N2 , N6, ვალის N2 და ურაველის საჯარო სკოლებში, შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. ოთხივე სკოლის სამუშაოებზე ახალციხის მერია ტენდერებს აცხადებს. მათი საერთო ღირებულება 436 441 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის N2 საჯარო სკოლაში სველი წერტილებს მოაწესრიგებენ. შეიცვლება ელექტრო გაყვანილობისა და გარე წყალმომარაგების სისტემა. სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 246 502 ლარია გამოყოფილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება ახალციხის N6 სკოლაშიც. აქ სახურავის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია ძველი სახურავის დემონტაჟი და ახლის გაკეთება. საწვიმარი ღარის და წყალშემკრები მილების, ასევე სხვენში ასასვლელი ლითონის კიბის მოწყობა, სამუშაოებისთვის 66 699 ლარი განისაზღვრა.

სველი წერტილები მოწესრიგდება ვალის N2 საჯარო სკოლაში. სანიტარული კვანძების, გათბობის სისტემისა და საქვაბის მოწყობისათვის ტენდერი 72 780 ლარზე ცხადდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველის სკოლაში კი მხოლოდ სველი წერტილის მოწესრიგება იგეგმება. ამისთვის 50 460 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული შენობების რეაბილიტაციისათვის ახალციხის მერიამ ტენდერი 4 ივლისს გამოაცხადა. ახალციხის N2 საჯარო სკოლის სამუშაოებზე წინადადებების მიღების ბოლო ვადა 25 ივლისია, დანარჩენი სამი სკოლისათვის კი – 15 ივლისი.

ოთხივე სკოლაში სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.