გორის მერიას 5 სოფელში ამბულატორიების მოწყობა უტენდეროდ სურს

752

გორის მერია 5 სოფელში ამბულატორიების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც, დაახლოებით, 50 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სოფლები, სადაც პირველადი ჯანდაცვის ცენტრები გარემონტდება: ფხვენისი; ძევერა; საქაშეთი; ბერბუკი; ახალდაბა;

ამ მიზნით, მერიას ერთ-ერთ ინდმეწარმესთან 49 321 ლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმება სურს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გორის მერია ნებართვას ითხოვს, რომ თანამშრომლობის დოკუმენტი ტენდერის გამოცხადების გარეშე გააფორმოს.

კანონის მიხედვით, 5 000 ლარს ზემოთ ღირებულების მქონე შესყიდვა ტენდერის გამოცხადების საფუძველზე ფორმდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიამ მისი გადაუდებელი აუცილებლობის დადასტურება საფუძვლიანი არგუმენტებით უნდა წარმოადგინოს.