ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელიც პარტიების მიერ ინიშნება, შესაძლოა ერთით შემცირდეს და შვიდის ნაცვლად, ექვსით განისაზღვროს

713

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლობა, შვიდი წევრის ნაცვლად, შესაძლოა, ექვსი წევრით განისაზღვროს. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” უმრავლესობა იმ ფორმულის გადახედვას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრები პარტიებმა უნდა დანიშნონ.

საქმე “საარჩევნო კოდექში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ეხება, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ახალი პროცედურების შემოღებას ითვალისწინებს. მთავარი სიახლე კი არის ის, რომ ცესკოში წევრების დანიშვნა, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად, პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან იქნება დაკავშირებული.

“იმ ფორმულით, რომელიც წარმოდგენილია კანონპროექტის პირვანდელი რედაქციით, ცესკოში პარტიების მიერ წარსადგენ წევრთა განსაზღვრა შემდეგი წესით ხდება: კონკრეტული პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში აღებული ხმების რაოდენობა შვიდზე მრავლდება და იყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. ეს იმ მოცემულობას ქმნის, რომ პარტია “ქართულ ოცნებას”საარჩევნო კომისიებში ოთხი წარმომადგენელი ეყოლება, ხოლო ოპოზიციას, ჯამში – სამი. პარიტეტის დაცვის მიზნით, იმისათვის, რომ პოზიცია და ოპოზიცია პარიტეტულად იყოს წარმოდგენილი, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ფორმულაში, ნაცვლად შვიდისა, პარტიის ხმების რაოდენობა ექვსზე გამრავლდება და პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა, რაც შექმნის შემდეგ მოცემულობას: უმრავლესობას საარჩევნო ადმინისტრაციებში, ოთხის ნაცვლად, სამი წარმომადგენელი ეყოლება, ხოლო ოპოზიციას კვლავ სამი წარმომადგენელი დარჩება. მაღალი ალბათობით, ერთი წევრით შემცირდება ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელიც პარტიების მიერ ინიშნება და შვიდის ნაცვლად, იქნება ექვსი”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციების პარტიებს შორის პარიტეტულობის პრინციპით დაკომპლექტებას უზრუნველყოფს.

კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით გადის. პროექტის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი.

ამჟამად ცესკოში პარტიული წარმომადგენლობა იმ პოლიტიკური სუბიექტის მიერ არის დანიშნული, რომლებიც ბიუჯეტიდან მეტ დაფინანსებას იღებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი