8 პოლიტიკური პარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს

753

სტატიის გაგრძელება

აჭარაში 8 პოლიტიკური პარტია, პარლამენტის არჩევნების პარალელურად აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს და შესაბამის მიმართვას ხელი მოაწერეს.

მათი თქმით, მოთხოვნასთან დაკავშირებით დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეს წერილობით მიმართავენ. პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, თუ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ისინი კანონის მიხედვით მოსახლეობაში 20 000 ხელმოწერას შეაგროვებენ, რაც ინიცირებისთვის საჭირო არის.

განცხადებას ხელს აწერს: “ემსახურე საქართველო“, “შენების მოძრაობა“, “რესპუბლიკური პარტია“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,“ევროპული საქართველო“, “გირჩი“ , “ახალი საქართველო“ და “სამოქალაქო მოძრაობა“.

“იმ შემთხვევაში, თუ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა ამ საკითხე ვერ შეიკრიბება, გვაქვს სრული უფლება, რომ რეგიონის მოსახლეობაში კანონის დაცვით ხელმოწერების შეგროვება დავიწყოთ, რათა აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებები მოხდეს. 20 ათასი ხელმოწერის შეგროვება ძალიან მარტივია და მოსახლეობამ გაიაზრა, რომ პროპორციული სისტემა სასარგებლოა ქვეყნისთვის“,- განაცხადა ოპოზიციონერმა მურმან დუმბაძემ.