აჭარელი ეკომიგრანტების შესაძლო რელიგიურ დევნაზე ქარელის ვიცემერის გამოკითხვას ითხოვენ

200

სტატიის გაგრძელება

ძამას ხეობაში სასულიერო პირების მიერ აჭარელი ეკომიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო დევნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ქარელის ვიცემერის გამოკითხვას ითხოვს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ლექსო მერებაშვილი თვლის, რომ გამოძიებამ უნდა მოახდინოს იმ სასულიერო პირბების იდენტიფიცირება, რომლებმაც ქარელის ვიცემიერის თქმით, ეკომიგრანტებს რელიგიური ნიშნით ავიწროვებენ.

“გამოძიება უნდა დაიწყოს. მინიმუმ, უნდა გამოიკითხოს მერის მოადგილე. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ინფორმაციას ფლობს მერის მოადგილე სასულიერო პირების მიერ ადამიანების რელიგიური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით. შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაული გამოიკვეთოს, როგორც არის დევნა. აუციილებელია მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს”,-აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლით უნდა დაიწყოს, აღნიშნული მუხლი გულისხმობს: ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

მუხლის დამრღვევი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ცნობისთვის, ქარელის ვიცემერმა გადაცემა “ქართლის სტუდიაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ამის მიზეზი კი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლაა. ქარელის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სასულიერო პირები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან. აჭარელი ეკომიგრანტები, რომლებმაც ხეობა სასულიერო პირების სავარაუდო შევიწროვების შედეგად დატოვეს მუსლიმები არიან.

ვიცემერი საკუთარ პოზიციას იმ რეალობით ამყარებს, რა რეალობაც გვერძინეთის სკოლაშია. კერძოდ, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 3-4 წლის წინ თუ 60 ბავშვი სწავლობდა, ახლა მათი რიცხვი მხოლოდ 11-ს აღწევს.

“გვერძინეთი თავის დროზე ადმინისტრაციული ცენტრი იყო, მაგრამ აჭარლებიც გაგვექცნენ, სამწუხაროდ. ძალიან ცოტა დაგვრჩნენ. ესენი ეკომიგრანტები არ არიან. თვითნებურად ჩამოსულები არიან ჯავახეთიდან. გამსახურდიას პერიოდში, ჯავახეთში ჩაასახლეს, ხელისუფლებამ ახალი სახლები აუშენა, მაგრამ იქ ვერ გაჩერდნენ. ჯავახეთში მკაცრი კლიმატია და დაიცალა იქაურობა. ჩვენი ორი სოფელი დაიკავეს. ძალიან კარგად მიიღეს დარჩენილმა ადგილობრივებმაც, ხელისუფლებამაც. საარჩევნო სიებშიც შეიყვანეს და ცხოვრობდნენ დღემდე, მაგრამ ამ ბოლო წლებში დაიწყეს ისევ უკან წასვლა. ეკრანის წინ ცოტა ძნელია თქვა, რატომ… სასულიერო პირებმა შეავიწროვეს ძალიან. მოგეხსენებათ, რომ ძამის ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით. ცოტა ცუდი მიდგომის გამო მოხდა ეს. სხვა სოფლებშიც გვყავს მთავრობის მიერ ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ინათლებიან, ქორწინდებიან. აი მანდ, მოხდა ეგრე”, – განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა, თუ არა რელიგიური ნიშნით შევიწროებას, ვიცემერმა უპასუხა: “არა მარტო რელიგიური ნიშნით. მაპატიეთ. დავასრულებ ლაპარაკს ამ თემაზე კამერის წინ.