კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა განაახლეს

1176

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნულ პარკში განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.

“კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოეწყო საპიკნიკე ადგილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ პირსს.

პალიასტომის ტბაზე შეკეთდა ფრინველებზე დაკვირვების კოშკურები. ასევე, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები”, – განმარტავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა “შავი ზღვის ტერმინალის“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი პირველი დაცული ტერიტორიაა, რომელიც საქართველოდან იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლადაა წარდგენილი.