რეორგანიზაციის შემდეგ ზუგდიდის მერმა, შესაძლოა, მესამე მოადგილე დანიშნოს

1158

ზუგდიდის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებულია, თუმცა ჯერ უცნობია, ეყოლება თუ არა მერს მესამე მოადგილე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, ირაკლი ამანათიძის განცხადებით, მუშავდება მერიის ახალი სტრუქტურის პროექტი.

‘მას შემდეგ, რაც მერმა რეორგანიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა, გამოიცა სამართლებრივი აქტი. სპეციალური ჯგუფი შეიმუშავებს მერიის ახალი სტრუქტურის პროექტს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი სტრუქტურა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება ორიენტიერებული. რეორგანიზაცია არ გულისხმობს შტატების შემცირებას და კონკრეტული პირების სამსახურიდან დათხოვნას. ყველა თანამშრომლის სამუშაო აღწერილობის გაცნობის შემდეგ, ჯგუფი გადაწყვეტს, რა იქნება საჭირო, სამსახურების შერწყმა, ახალი სტრუქტურის შექმნა, თუ რაიმე სხვა. ცალსახად ვამბობთ, რომ საშტატო რიცხოვნობა არ გაიზრდება“, – აცხადებს ირაკლი ამანათიძე.

“ლაივპრესის“ კითხვაზე, დარჩება თუ არა მერიაში ყოფილი მოადგილე მაიზერ ნანავა, ირაკლი ამანათიძემ თქვა – მერიას ამ ეტაპზე მერის მოადგილის ორი ადგილი აქვს. მას შემდეგ, რაც მერმა ახალი მოადგილეები წარადგინა, მაიზერ ნანავა მერიაში არ მუშაობს, თუმცა, შესაძლებელია განიხილონ მერის კიდევ ერთი მოადგილის პოსტის არსებობა.

“შესაძლებელია განვიხილოთ სამსახურების, ან სხვა რაიმე სახის გადაჯგუფების შემდეგ, მერის კიდევ ერთი მოადგილის ვაკანსიის შექმნაც, თუმცა ამ საკითხზე კონკრეტულად ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ამანათიძემ.

მისივე ცნობით, რეორგანიზაციის პროცესი 3 თვის ვადაში დასრულდება.

მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეების წარდგენისას განაცხადა, რომ რეორგანიზაცია აუცილებლად განხორციელდება და გამოიცემა შესაბამისი ბრძანებაც. მისი თქმით, მაიზერ ნანავა, რომელიც მანამდე მერის მოვალეობას ასრულებდა, გუნდში რჩება და მასთან ერთად მუშაობას განაგრძობენ.