ზუგდიდში ქართული წარწერის არქონის გამო, შესაძლოა, ობიექტები დააჯარიმონ

832

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე თამუნა ჯიქია ითხოვს ადგილობრივ დონეზე დარეგულირდეს საკითხი და რესტორნებსა და კაფეებში აუცილებლად იყოს წარწერები ქართულ ენაზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მისი თქმით, დღეს ეს წარწერები მხოლოდ ინგლისურად გვხვდება, ქართული კი არსად ფიქსირდება. დეპუტატის თქმით, ეს თემა ცენტრალურ დონეზე და დიდ მუნიციპალიტეტებში მოწესრიგებულია, ამიტომაც იგივე ინიციატივით მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართავენ.

“ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ენა არ დაიკარგოს. იყოს ქართული და დანარჩენი მათი ნებაა, რა ენას დაამატებენ”, – განმარტა თამუნა ჯიქიამ და თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქალაქის იერ-სახისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის მეპატრონეები არ დაემორჩილებიან ამ მოთხოვნას, დეპუტატის თქმით, ზედამხედველობის სამსახურს შეეძლება მათი დაჯარიმება.

წინადადება მოიწონა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ. მან თქვა, რომ ამ საკითხს კანონმდებლობაც არეგულირებს, ამიტომ თხოვნით მიმართა მერიის ზედამხედველობის სამსახურს, ზედმიწევნით განახორციელოს კონტროლი, კანონით დაცული მოთხოვნების გასათვალისწინებლად.