სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ხელახლა აღწერენ

936

სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ობიექტების ხელახალა აღწერა მიმდინარეობს. საველე სამუშაოები მომდევნო 2 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. მიზანი მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის რესურსებზე განახლებული და ზუსტი მონაცემების კომპლექსური ფორმით მოძიება და გადამოწმებაა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 568 ძეგლი და 1 098 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია, რომლებზეც უმეტეს შემთხვევაში სათანადო მონაცემები არ მოიპოვება. მათ შორის, განსახორციელებელია ფოტოფიქსაცია და შესავსებია სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

ინვენტარიზაციის საველე პროცესის პირველ ეტაპი მიზნად ისახავს იფარის, კალასა და უშგულის თემებში 394 ძეგლის/ობიექტის მოძველებული მონაცემების განახლებას, მათ ხელახალ ფოტოფიქსაციას, ფიზიკური მდგომარეობის შეფასებასა და მონაცემთა ბაზაში სააღრიცხვო ბარათის დონის ინფორმაციის შევსებას. სოფლებში განაშენიანების პროცესებს სააგენტოს სამუშაო ჯგუფის წევრები საჰაერო ვიდეო გადაღებების საშუალებით აღნუსხავენ. კოშკებისა და მაჩუბების გადახურვის მდგომარეობა კი ფოტო გადაღების გზით შეფასდება. პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები მულახის თემის 400-მდე ძეგლს და ობიექტს მოიცავს.

სვანეთის რეინვენტარიზაციის შემდეგი ეტაპი და ინფორმაციის განახლების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება.