ქუთაისის მერიის არქიტეტქურის სააგენტომ განაშენიანების რეგულირების ახალი გეგმა შეიმუშავა

1058

ქუთაისის მერიის არქიტეტქურის სააგენტომ განაშენიანების რეგულირების ახალი გეგმა შეიმუშავა. დოკუმენტები განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება. როგორც ქუთაისის ა(ა)იპ “არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს” ხელმძღვანელი რუსუდან ჩინჩალაძე განმარტავს, ცვლილებები მოსახლეობის მოთხოვნებსა და ქალაქის გარეუბნების განვითარებაზეა მორგებული. ინფორმციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მისივე თქმით, ცვლილების მთავარი მიზანი დეველოპერების მიერ გარეუბნების ათვისების ხელშეწყობაა, რისთვისაც, ე.წ. მესამე ზონაში მოხდა განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, აქამდე მოქმედი წესი  მშენებლებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა, რაც ხელს უშლიდა გარეუბნების განვითარებას.

“ტერმინი გარეუბანი უნდა დავასრულოთ. ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ამას, მითუმეტეს დეველოპერები არასდროს გააკეთებენ. ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ გარეუბნები არ არსებობს და შესაბამისი ნორმების დაცვით, ასეთ უბნებში მშენებლობა შესაძლებელია უფრო მაღალი ინტენსივობით, ვიდრე აქამდე იყო. ძალიან დიდი მოთხოვნა დიდ მშენებლობებზე, რომლის შესაძლებლობასაც ახლა  უკვე გაუქმებული 70-ე დადგენილება არ იძლეოდა. ვფიქრობთ, ამ ცვლილებებით ძალიან გაიზრდება მშენებლობების რაოდენობა ასეთ ეუბნებში და ტერმინი გარეუბანი აღარ იარსებებს”, – განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.

სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება კერძო მოსახლისთვის მოსაკრებლის გაუქმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს, მას შემდეგ, რაც შესაბამის დოკუმენტაციას სააგენტოს წარუდგენს, აივნის მიშენების, სარდაფის მოწყობისა და სხვა მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვას უსასყიდლოდ მიიღებს.

ქალაქში ისევ რჩება სამი ძირითადი ზონა: საქმიანი, საცხოვრებელი და საწარმოო. განაშენიანების კოეფიციენტი არ შეცვლილა ისტორიულ ზონაში.

როგორც რუსუდან ჩინჩლაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილებები დაფუძნებულია 2019 წლის 3 ივნისს ამოქმედებულ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ძალაში შევიდა იმ ქალაქებისათვის, რომელთაც არ აქვთ გენერალური გეგმა, მათ შორისაა ქუთაისი.