ბათუმის მერს ბამბუკის მასალით გაკეთებული კვების ობიექტების მშენებლობას სთავაზობენ

1088

ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს პროგრამის – “შენი იდეა ბათუმს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი, თამაზ ლომიძე, ბამბუკის მასალით გაკეთებული კვების ობიექტების მშენებლობას სთავაზობს.

პროექტის ავტორის თქმით, ბამბუკის მასალით გაკეთებული კვების ობიექტის მშენებლობა შესაძლებელია ზღვისპირა ზოლში.

“ეს კვების ობიექტი ირგვლივ ბამბუკის ფიცრებით იქნება გარშემორტყმული და მთელ ტურისტულ სეზონზე დამზადდება ბამბუკის კერძები”, – ამბობს თამაზ ლომიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული იდეა ხელს შეუწყობს ბამბუკის ექსპორტს საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვინაიდან ის ევროპის ქვეუნებში მხოლოდ ჩვენთან მოიპოვება. ხოლო ობიექტი ტურისტებში დიდ დაინტერესებას გამოიწვევდა როგორც სამშენებლო, ასევე, საკვების მიმართულებით.

“პირადად გახლავართ გამომგონებელ-ბამბუკოლოგი. მოსინჯული გვაქვს ბამბუკისგან სახლის აშენება და იგი შეფასდა უნიკალურ გამოგონებად. ბამბუკისაგან დამზადებული გვაქვს 22 კერძი და 2011 წელს გამომგონებელთა კონკურსზე გაიმარჯვა ამ თემებმა. აღნიშნული პროექტი მოიზიდავდა ტურისტებს და ხელს შეუწყობდა ბამბუკის ექსპორტს, რაც ევროპაში მხოლოდ ჩვენს რეგიონშია გავრცელებული”, – განმარტავს ლომიძე.

აღნიშნული პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 40 000 ლარს შეადგენს. დამატებითი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტის “შენი იდეა ბათუმს” ჯამური ბიუჯეტი 120 000 ლარია. ხოლო, რა პროექტებს მოხმარდეს აღნიშნული თანხა ამას ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები გადაწყვეტენ.