“ჭიღვარია წადი, შენ კლავ ქუთაისის მომავალს”- ქუთაისში მერის გადადგომას ითხოვენ

789

“ჭიღვარია წადი, შენ კლავ ქუთაისის მომავალს”, – ამ შეძახილებით და საყვირებით კაფე “სავანეს” მფლობელები ქალაქის მერის წასვლას ითხოვენ. მათი თქმით, მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების წართმევას. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მიზანი მიღწეული არ იქნება. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

საქმე ეხება, ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს “ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი “სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით “ნიკოლოს“ მის მიერ შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.

მერიის პოზიციას არ ეთანხმება “სავანე”. კაფის მეპატრონეები ამბობენ, რომ მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების წართმევას.

შეგახსენებთ, რომ კაფე “სავანემ ”რომელიც ქუთაისის მერიამ კაფის ტერიტორიაზე მაგიდებისა და სკამების განთავსების გამო 2 000 ლარით დააჯარიმა, სასამართლო დავა მოიგო.