სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტური ორი პოზიციიდან ერთზე კონკურსი ჩაიშალა

189

წინა სტატია

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომელთა შესარჩევად კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება, დასრულდა. ექვსი შერჩეული კანდიდატიდან გასაუბრებაზე ორი გამოცხადდა. ერთი პოზიციაზე კი კონკურსი ჩაიშალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში ორ ვაკანტურ პოზიციაზე სულ 23 განაცხადი შევიდა. საბუთების გადარჩევის შემდეგ, ექვსი კონკურსანტი შეირჩა. გასაუბრებაზე კი, სამხარეო ადმინისტრაში მხოლოდ ორი მათგანი გამოცხადდა. ორივე ერთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

რაც შეეხება რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციას, ის კვლავ ვაკანტურად რჩება, რადგან ამ პოსტის დასაკავებლად გასაუბრებაზე არავინ მივიდა.

გასაუბრების ეტაპზე გადასული ორი კანდიდატის აყვანის საკითხზე საკონკურსო კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

“ყველა კომისიის წევრი წერს თავის ქულას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებაში. ზეპირი დავალების დროს, ერთი და იგივე შეკითხვები ჰქონდა ყველა კონკურსანტს, გასაუბრებისას -ინდივიდუალური კითხვები, მათი გამოცდილების შესახებ. თუ კონკურსანტი მაქსიმალური შეფასების 70%-ზე მაღალ ქულას დააგროვებს, იგი წარედგინება დასანიშნად გუბერნატორს. თუ ვერ აიღებს საკმარის ქულას, ჩაითვლება, რომ კონკურსი ჩაიშალა“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

ორ ვაკანტურ პოზიციაზე სამხარეო ადმინისტრაციამ კონკურსი ოთხ ივნისს გამოაცხადა.