აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ აკაკი ბობოხიძის განცხადების გამო, შესაძლოა, ენგურის ხიდი ჩაკეტოს

1935

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი, შესაძლოა, ჩაკეტოს და მოქალაქეთა გადაადგილება ორმხრივად აკრძალოს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დეფაქტო პრეზიდენტს შესაბამისი მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი დბარმა კოლეგების სახელით მიმართა. მან ამ მოთხოვნის მიზეზად საქართველოს პარლამენტში “ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადება დაასახელა, რომლითაც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა: “ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“.

დიმიტრი დბარი ასევე ე.წ. გენერალურ პროკურატურასაც მიმართავს, აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის მუხლით და სრული სიმკაცრით აგოს პასუხი საჯაროდ გამოთქმული ამ განცხადების გამო.

ასევე, ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ითხოვს, რომ რუსეთმა “ევროპული საქართველოს“ წევრი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს.

“მივმართავ გენერალურ პროკურატურას, აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ ადამიანის წინააღმდეგ. ასევე, ვთხოვ ჩვენს რუს კოლეგებს, ამ ოფიციალური განცხადების გამო ამ ადამიანზე გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა. მე ასევე ვთხოვ პრეზიდეტს, მხარდაჭერა გამოუცხადოს რუსეთს და აფხაზეთისა და სამეგრელოს საზღვარი მდინარე ენგურზე ჩაკეტოს.

ჩაკეტოს სანამ, იქ ასეთი გამონათქვამები… და სიტუაცია არ დაწყნარდება. მანამ სანამ ჩვენ არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს მხრიდან ჩვენ არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. თუ ჩვენ ახლა არ ვიქონიებთ ამაზე რეაგირებას, ისინი საკუთარ თავს უფრო მეტის უფლებას მისცემენ. რა გვინდა მეტი იმისთვის, რომ აღვძრათ სისხლის სამართლის საქმე, თუ არა ეს ციტატა, რაც ამ ადამიანმა მთელი მსოფლიოს გასაგონად გააკეთა. მე მინდა პრეზიდენტს და პროკურატურას მივმართო დეპუტატების სახელით, ამ აკაკის აქ ჩამოიყვანენ და დასჯიან აფხაზეთის კანონის შესაბამისად. აი რა უნდა ვუყოთ ამ ადამიანს“, – განაცხადა დიმიტრი დბარმა.

აკაკი ბობოხიძის პარლამენტის დარბაზში გამოთქმულ ფრაზას მანამდე აფხაზეთის დეფაქტო რუსპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. დაურ კოვეს განცხადებით, “აფხაზეთის მხარე მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა ზემოთ ნახსენებ სამხედრო დამნაშავეს მიეზღოს დამსახურებული სასჯელი, აფხაზეთის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის“.

დეფაქტო ხელისუფლებიდან “ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის დეპუტატის სიტყვებს, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ასლან კობახიაც გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, ბედნიერებაა, როცა ჩვენ შვილებს არასოდეს მოუწევთ შეხება ამ სიმახინჯესთან.

თავის მხრივ, როგორც “ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ ახსნა, მისი სიტყვები მიმართული იყო რუსეთის დელეგაციის წევრისკენ, თუმცა, მისივე თქმით, შეცდომით მიმართა ესტონეთის დელეგაციის წევრს და წყალიც მას შეასხა.

ბობოხიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ ნათქვამ ყველა სიტყვას ძალაში ტოვებს რუსი დეპუტატების მისამართით.

“დიახ, მე ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე და არა მაქვს სურვილი დავიხიო უკან რუსების წინაშე. თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, რომ დაპირისპირება მოხდეს… იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვების შესრულების აუცილებლობა არ დადგება“, – უთხრა რადიო თავისუფლებას აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

იმავე ღამით რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია დარბევით დასრულდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი და დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. ხოლო აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, თუმცა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები კვლავაც გრძელდება. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.