მეტროში დაკვამლიანების გამო ერთ-ერთმა მგზავრმა გონება დაკარგა

212

სტატიის გაგრძელება

მეტროსადგურ “ნაძალადევში“ ტექნიკურმა ხარვეზმა ვაგონში დაკვამლიანება გამოიწვია, მცირე ხნით შეფერხებული იყო მოძრაობაც. ამასთან, დაკვამლიანების გამო ერთ-ერთმა მგზავრმა გონება დაკარგა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს და ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მოძრავი შემადგენლობის ერთი ვაგონი გაუმართავი იყო.

“აღნიშნულის გამო მატარებელი გადაიყვანეს ჩიხში, რის გამოც მოძრაობა 6 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. მთლიან შემადგენლობას პრობლემა არ ჰქონია, მხოლოდ ერთი ვაგონის გაუმართავობა დაფიქსირდა. მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან.

ასევე, გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მას შესაბამისი პირველადი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ამასთან, ცნობილია, რომ პირველი ივლისიდან ახალი კაბელების მონტაჟი დაიწყება, რის გამოც თბილისის მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს. ძალოვანი კაბელების რეაბილიტაციას 15 მილიონი დოლარი, ხოლო ვაგონების რეაბილიტაცია 100 მილიონი ლარი მოხმარდება. რაც შეეხება 40 ახალ ვაგონის, რომელიც თბილისის მეტროს 2020-22 წლებში დაემატება, თბილისის მერია 40 მილიონ ევროს გადაიხდის.