თბილისის მერია კიდევ 4 ოჯახს საცხოვრებელ ფართს 1 ლარად დაუკანონებს

627

დედაქალაქში ორ მისამართზე წლების განმავლობაში მცხოვრებ და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოთხ ოჯახს მერია საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“იცით, რომ დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი და გასული წლიდან დღემდე, საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ეს ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ესენი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კონკრეტულ მისამართზე და გარკვეული პრობლემების, შესაძლებელია, ბიუროკრატიული ბარიერების გამოც, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მათ თბილისის მერია ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.

ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიღმის მასივში, VI კვარტალში, N19 კორპუსში მცხოვრებ სამ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა. აღნიშნულ მისამართზე ეს ოჯახები 30 წელია ცხოვრობენ. ასევე, საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა თემქის IV მიკრორაიონში, N5 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს. აბრამიშვილები აღნიშნულ მისამართზე, დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ვულოცავ ყველა მათგანს ბინების დაკანონებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.