ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი

218

წინა სტატია

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, პროდუქტი QR-კოდის საშუალებით ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას ითვალისწინებს. QR-კოდი ბანკის მიერ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს გადაეცემა, რომელიც ავტომანქანის ინტერიერში განთავსდება, მგზავრი კი სმარტფონის მეშვეობით, QR-კოდით, მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებს.

“ჩვენ ამ რეფორმის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გვქონდა ტაქსების მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან. ვმსჯელობდით რა რეფორმა უნდა გაკეთდეს, რა მიმართულებით, რა არის განსახორციელებელი, რა დავამატოთ. ერთ-ერთი ასეთი მსჯელობის დროს გამოიკვეთა სერიოზული პრობლემა ბანკებთან ურთიერთობა, რადგან ისინი ვერ ახერხებენ სესხის აღებას იმიტომ რომ არ უფიქსირდებოდათ შემოსავალი. შესაბამისად, ბანკებთან კომუნიკაციის შემდეგ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება და უკვე “საქართველოს ბანკმა“ აცნობა მოქალაქეებს, რეკლამებიც მიდის ეთერებში, რადიოებში, თუ რა პროდუქტი შეიქმნა.

ეს კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ტაქსის მძღოლებისთვის არის შექმნილი, ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას QR კოდის საშუალებით. QR-კოდი ბანკის მიერ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს გადაეცემა, რომელიც ავტომანქანის ინტერიერში განთავსდება, მგზავრი კი სმარტფონის მეშვეობით, QR-კოდით, მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებს. ძალიან მარტივად მოხდება ეს ყველაფერი.

ხშირად ხდება ხოლმე 20 ლარიანს მისცემ და ხურდა არ აქვს. ეს პრობლემა იქნება მოხსენილი და ყველაზე მთავარი, ამ სერვისისს ამოქმედებით გადახდილი მგზავრობის საფასური იქნება დადასტურებული შემოსავალი, რაც ისტორიას შეუქმნის ტაქსის მძროლებს და შემდგომ ექნებათ საშუალება მანქანა შეიძინონ, შეცვალონ ან ა.შ. ეს სერიოზული პრობლემა იყო ტაქსის მძღოლებისთვის. მინდა ბანკებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ასეთი პროდუქტების შექმნა ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფად განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ.