ადიგენის სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს 2 თვეა სასმელი წყალი არ აქვს

903

სოფელ აბასთუმნის ერთ–ერთ უბანში, იქ სადაც ორი თვის წინ ადიგენის მელიორაციამ ცენტრალური მილის რეაბილიტაცია დაასრულა, სასმელი წყალი არ აქვთ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფელ აბასთუმნის მკვიდრი ნათელა ბაბაჯანიანი ამბობს, რომ სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ონკანებზე წყალი უნდა მისულიყო. თუმცა სამუშაოები ისე დასრულდა, რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უწყლოდ უბანში ის რვა ოჯახია, რომელიც იმ მაგისტრალით სარგებლობდა, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობდა. მათ ახლა დასალევად და საყოფაცხოვრებოდ,წყლის მოტანა სოფლის სხვა უბნებიდან, ან მეზობელი სოფლიდან უწევთ.

ადიგენის მერიის მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა დემეტრაძე ადასტურებს, რომ აბასთუმანში აღნიშნულ უბანში სამუშაოები ნამდვილად მიმდინარეობდა.

“აქ ცენტრალური მაგისტარლი უნდა გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ. წყალი გამანაწილებლამდე მივიყვანეთ. ახალა თავიანთ ეზოებში თვითონ უნდა შეიყვანონ, მაგრამ კიდევ იძახიან პრობლემა არისო. ჯერ უნდა ვნახო. ახლა ტექნიკა სხვა სოფლებში მუშაობს და დრო სჭირდება. ვიდრე იქ არ დაამთავრებს სამუშაოებს, ვერ წამოვიყვან. მერე გავთხრით და თუ რამე პრობლემა იქნება, მოვაგვარებთ“.