“ევროპული საქართველო” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

229

“ევროპული საქართველო” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მათი თქმით “ევროპული საქართველოს“ წევრები მანამ არ დაესწრებიან სხდომებს, ვიდრე ქვეყანაში მდგომარეობა არ დარეგულირდება.

“ყოველი ჩვენთაგანი ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს თბილისში. მეხუთე დღეა ზედიზედ მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პოლიტიკური პარტიების. ეს არის ზეპარტიული, დიდი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ეს იყო საქართველოს პარლამენტის თავზე წამოსკუპება ოკუპანტის, გავრილოვის და ამას მოყოლებული “გავრილოვის სასტიკი ღამე“. ამ ვითარებაში, როცა ეს პროტესტი მიმდინარეობს, როცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საზოგადოების – გახარიას გადადგომა, შესრულებული არ არის და სანამ ჯერ კიდევ ადამიანები იმყოფებიან საპატიმროში, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვეულებრივი რუტინული საკრებულოს სხდომების გამართვა და მითუმეტეს მასზე დასწრება, არის აბსოლუტურად არასწორი და არალოგიკური. ჩვენ ვართ ამ პროტესტის ნაწილი”, – განაცხადა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

იმავე ღამით რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია დარბევით დასრულდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი და დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. ხოლო აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, თუმცა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები კვლავაც გრძელდება. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.