ხაშურის სოფელ გომში ისტორიული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია შეჩერდა

3579

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში 1930-იან წლებში აშენებულ შენობის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდა. საბავშვო ბაღის შენობაზე მომუშავე მუშები სამსახურში აღარ გამოცხადდნენ. ამის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სამუშაოებს კომპანია “ბაბი-XXI” ასრულებს. გომის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი რეზო კაპანაძე ამბობს, რომ სახელფასო ანაზღაურების გარეშე 6 მუშაა დარჩენილი და მუშაობა 2 კვირის წინ შეაჩერეს. ყველა მუშა სოფელ ვაყიდანაა.

“დასაქმებულები ყავდათ ვაყელი ბიჭები. სულ 6 მუშა. როგორც აღმოჩნდა, ხელფასი არ გადაუხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 2 კვირაა ვეძებთ კომპანიის წარმომადგენელს, მაგრამ ვერსად მივაგენით. გიაც (გურასპაშვილი) ეძებს, სადაც ნახავს, არ ვიცი რას უზამს”, – განაცხადა რეზო კაპანაძემ.

ხაშურის მერის გიორგი გურასპაშვილის განცხადებით ჯერ სატენრედო ვადები არაა დამთავრებული.

“ხელახალი ტენდერი არ გამოცხადებულა. ჯერ სატენდერო ვადები არ დარღვეულა. კომპანიას შიდა პრობლემები თუ აქვს მუშებთან, თავად უნდა მოაგვაროს. მე არ ვარ ვალდებული, კომპანიასა და მუშას შორის, ურთიერთობები ვარეგულირო. არსებობს ასეთი წესი, ხელშეკრულება უნდა გააფორმო დამქირავებელთან. თუ რამე დავალიანება აქვს კომპანიას, სამართლებრივი გზები არსებობს. თუ სატენდერო ვადა გავა და სამუშოები დასრულებული არ იქნება, მიიღებს ჯარიმას და გატარდება შესაბამისი სანქციები, რაც კანონით არის გათვალისწინებული”, – ამბობს გურასპაშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტმა საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2019 წლის 2 თებერვალს გომის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 42 274 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში სულ 10 კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებული შპს ბაბი-XXI გახდა. მან სამუშაოების წარმოების ვალდებულება 33 280 ლარის ფარგლებში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გომის საბავშვო ბაღი ბოლშევიკების დროს 1930-იან წლებში აშენდა. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის, თამაზ ლაცაბიძის თქმით, ამ დრომდე, შენობაში სამუზეუმო ექსპონანტები ინახება.