აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდება

669

წინა სტატია

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის ნაცვლად, ნოემბერში დასრულდება. პროექტში ცვლილებების შეტანის მიზეზი კლიმატური პირობები გახდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ობსერვატორიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია, გასული წლის ივნისში დაიწყო. როგორც, მუნიციპალური განვითრების ფონდში განმარტავენ, სამშენებლო კომპანიებმა სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლება, წელს ცივი კლიმატური პირობების გამო, მარტის ნაცვლად მაისიდან შეძლეს.

“გარდა ამისა, ობსერვატორიის ადმინისტრაციამ გვთხოვა პროექტში გარკვეული ცვლილებები შეგვეტანა, ამის გამო 20 ნოემბრისთვის დასრულდება სამუშაოები“, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ამ დროისათვის, აბასთუმნის ობსერვატორიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობას. როგორც დაწესებულების დირექტორი მაია თოდუა აცხადებს, სამუშაოებს ვიზიტორების მიღებაზე ხელი არ შეუშლია: “გვაქვს კიდევ ერთი ტელესკოპი და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, გვყავს ექსკურსიებიც“.

ობსერვატორიის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი 3 მილიონამდე ლარით აფინანსებს. პროექტი დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

ასევე, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ABEKA” და შპს “პალადა” ახორციელებენ.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. მას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. ამასთან, ცნობილია, როგორი იქნება აბასთუმნის ობსერვატორია რეაბილიტაციის შემდეგ.