“ოცნების” ინიციატივა: 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს

146

სტატიის გაგრძელება

გამოვდივართ ინიციატივით, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შერეული სისტემა დემოკრატიულია, მოცემულ ვითარებაში პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ვეღარ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მზარდ გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს.

ივანიშვილის განცხადებით, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატები უპირობოდ იმარჯვებენ, ამიტომაც, შესაძლებელია, პარტიისთვის ეს მოცემულობა საუკეთესო იყოს, თუმცა, გარემოებები იცვლება და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარულ სისტემაზე უარი თქვა.

“2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, რომელშიც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი იქნება წარმოდგენილი და აღარავის დასჭირდება რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან მიტმასვნა და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობას საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს. აღნიშნული ცვლილება საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, რასაც შესაბამისი ვადები და პროცედურები აქვს. მმართველი პარტია ვარაუდობს, რომ პარლამენტი ამ ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომას პირადად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის  გადამდგარი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები.

როგორც ცნობილია, 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე აქციების მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა. ამ მოთხოვნასთან ერთად, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე არც პარტიის თავმჯდომარეს და არც სხვა ლიდერებს არ უსაუბრიათ.