აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში ერთი წლის ანგარიში წარადგინა

1005

სტატიის გაგრძელება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში გუშინ ერთი წლის ანგარიში წარადგინა. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა პირველად აბარებს ანგარიშს უმაღლეს საბჭოს.

თორნიკე რიჟვაძემ ანგარიშის წარდგენისას აქცენტი მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე გააკეთადა აღნიშნა, რომ კომპლექსური ღონისძიებები ტარდება ამ გამოწვევების გადასაჭრელად.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა ემსახურება აჭარის მდგრად და უსაფრთხო განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარებას და სოციალური სერვისების დახვეწასა და ხელმისაწვდომობას.

“მაშინ, როცა უმაღლესმა საბჭომ გამოგვიცხადა ნდობა, ჩვენს მთავარ ორიენტირად დავისახეთ ადამიანი და მის საჭიროებებზე ზრუნვა. არასრული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაგვეწყო მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სამი ქალაქის მშენებლობა.

დაახლოებით, 6 თვე დაგვჭირდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის საფუძველზე მიგვეღო დადებითი გადაწყვეტილება ე.წ. მუყაოს ქალაქის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, რითაც ათასობით ბავშვის და მათი ოჯახების საცხოვრებლის პრობლემა მოგვარდება. ამ პროცესში ჩართულია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

მნიშვნელოვან ორიენტირად დავისახეთ ბიზნესის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, რის საფუძველზეც ქობულეთში დავიწყეთ უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება. ეს გახლავთ მწვანე ქალაქი-ქალაქში. უმსხვილესი, ნახევარ მილიარდიანი ევროპული ინვესტიცია შექმნის სამუშაო ადგილებს რეგიონში. ამასთან, ეს იქნება ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი ევროპაში. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი არის განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა აჭარაში, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს ჩვენს გაცხადებულ პრიორიტეტს – განათლებას და ახალგაზრდობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.