ქუთაისში თეთრი ხიდი დააზიანეს

713

ქუთაისში თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა. მერიაში განმარტავენ, რომ ხიდი, სავარაუდოდ, განზრახ დააზიანეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე აცხადებს, რომ ადგილზე არსებულ მდგომარეობას უკვე გაეცნენ და ჩანს, რომ მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისივე თქმით, პოლიციას მასალები უკვე გადაეგზავნა.

“შევისწავლეთ მდგომარეობა და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინა წინასწარი შეცნობით, მძიმე წვეტიანი საგნით განზრახ არის დაზიანებული. დასურათებული მასალები გადაეგზავნა პოლიციას და დაიწყო შესწავლა. დაზუსტებით ამის შემდეგ გვექნება პასუხი”, – განაცხადა ნუგზარ ხუციბერიძემ.

ხუციბერიძე არ იზიარებს, მოსაზრებას, რომ ხიდზე მინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანდა. მისი თქმით, ხიდზე მოქალაქეები აქტიურად მოძრაობენ და ხიდი საფრთხეს არ წარმოდგენს. მისივე განმარტებით, ხიდზე მინას რამდენიმე დღეში შეცვლიან.

ქუთაისში თეთრ ხიდს რეაბილიტაცია შარშან ჩაუტარდა.