ახალციხეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო

584

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 852 000 ლარი დაიხარჯება.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის სოფელ გიორგიწმინდაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სტადიონის შემოღობვა მიმდინარეობს. ასევე, მათივე ცნობით, სოფელ ფერსაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა ეწყობა, სამეურნეო დანიშნულების შენობა და საზოგადოებრივი საპირფარეშო შენდება.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, გამოვლინდა პრიორიტეტები.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, პროექტები 15 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 46 დასახლების მაცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის რეზერვუარის, სანიაღვრე არხებისა და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, სკვერებისა და სასაფლაოს ღობის აღდგენა, გარე განათების ქსელის მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელების, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა, ხიდების შეკეთება და სხვა.