„ჭიათურის ქუჩებში იმდენი საქმიანი გერმანელი დადის, ლამის იქაურები აღარ ჩანანო…“ – ძველი ამბები საქართველოდან

2814

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ირმა სინაურიძე-მაყაშვილი

ბოლო დროს ჩვენი პრესა ფართო გზას აძლევს სოფლებიდან მოწერილ ამბებს, თუ ეს ამბები მათ ზრდა- განვითარებას ახასიათებენ. ქვეყნისთვის კარგია, სიკეთეში ერთმანეთს წავბაძავთ და ცუდში გავფრთხილდებით… „ივერია“ წერს, რომ საურთიერთო კრედიტის ჭიათურის საზოგადოებას მოქმედება უკვე დაუწყია… ბერლინში დაარსებულა სინდიკატი, რომელსაც მოუნდომებია, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთ შეუერთდეს. ამის შესახებ მიწერ-მოწერაა, თურმე, გამართული. ბერლინიდან ხალხიც ჩამოსულა და ჭიათურის ქუჩებში იმდენი საქმიანი გერმანელი დადის, ლამის იქაურები აღარ ჩანანო…

მთა-მადნეულობის საქმის ინჟინერი მიხაილოვი, რომელიც ქუთაისს იყო წასული წყლის მილის დასათვალიერებლად, ტფილისში დაბრუნებულა. ამბობეს, მალე მთელ ქუთაისს კამკამა სასმელი წყალი ექნებაო…

ტფილისის მაზრის სოფელ ბოჭორმიდან გვწერენ, რომ გომბორის გადასავალის მახლობლად ნავთის წყაროები მართლა აღმოჩენილა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საფრანგეთის რომელიღაც ამხანაგობა უკვე მუშაობას შესდგომია და მუშებისთვის დროებითი სადგომები აუშენებია. გადასავალს იქით, კარგად დიდ მანძილზე, ამ ფრანგებს შემთხვევით, მიწის პირას, ქვა-ნახშირიც  აღმოუჩენიათ…

სოფლებიდან ტფილისის  ბაზარში ამ ჟამად  მეტი საკლავი საქონელი შემოდის, ამიტომ ქალაქის გამგეობისა და ნიხრის დამდები კომისიის შეერთებულ სხდომას შესაძლელად დაუნახავს, ხორცი გააიაფოს.  სოფელს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.. ამიტომაც საგუბერნიო მთავრობას განკარგულება მოუხდენია, რომ ტფილისის გუბერნიის სოფლებში მამასახლისებად არჩეულ იქმნენ  წერა-კითხვის მცოდნე და გაგებული კაცები. ამის გარდა, გუბერნატორის განკარგულებით, სოფლებში მცხოვრებთა დასაცველად დანიშნულნი იქნებიან ღამის დარაჯები…

ტფილისში ძალიან ჩამოცხა. ტფილისქალაქის გამგეობამ უკანასკნელს სხდომაზე გადაწყვიტა, რადგანაც ქალაქის შუაგულში ერთადერთია ალექსანდრეს ბაღი, სადაც ხალხს შეუძლიან საღამოობით დასვენება და სეირნობა, გადაიდოს ქალაქის საშუალებიდან კიდევ 528 მანეთი, რომ საუკეთესოდ იქნას მოწყობილი. დადგამენ საუკეთესო სისტემის ფარნებს, მოაწყობენ სცენასა და ფანჩატურებს. უკვე დადგეს ისეთი ლამაზი სკამები, დაჯდომას არაფერი სჯობსო..  სხვათა შორის, ქალაქის პოლიცმეისტერმა, ანგარიში რომ წარუდგინა მთავრობას, იქ სწერია,  რომ    ტფილისში 258 საზოგადოებრივი ბაღი ყოფილა, რომელსაც 206 დესეტინა მიწა უჭირავს. კერძო ბაღების რიცხვი 214-ია და 230 დესეტინაზეა გაშენებული, საჯარო ბაღი ექვსია, ქალაქის -2 ეკლესიის – 6…

როგორც ქალაქის სასანიტარო-სამკურნალო ინსპექტორის ანგარიშიდანა ჩანს, ივნისის თვეში ქალაქის ცენტრალურ სამკურნალოსა და მის სამ სხვადასხვა განყოფილებაში სულ 4 171 ადამიანი მისულა გასასინჯად 10 869-ჯერ, ამათაგან 11 607-სისთვის რეცეპტით, მუქთად მიუციათ წამალი.

ტფილისის მეთევზეეებს მთავარმმართებლისთვის უთხოვიათ, ტფილისის პოლიცმეისტერის განკარგულება მტკვარში თევზაობის აკრძალვის შესახებ გაუქმებულ იქნას. მეთევზენი ამბობენ, რომ თევზაობა აკრძალული უნდა იქნას მხოლოდ აღმოსავლეთ  კავკასიაში და არა ტფილისში, სადაც მეთევზეობა ცხოვრების სახსარია ღარიბ მცხოვრებთათვისო… ქალაქში სტუმარიც ბევრია და მასპინძელიც…

ტფილისის პოლიცმეისტერის ანგარიშიდანა ჩანს, რომ 1900 წელს ტფილისში ყოფილა 6 699 ხელოსანი, 6 613 მათი თანაშემწე და 6 630 ხელოსნის შეგირდი.

6 ივნისის სხდომაზე ტფილისის სათათბიროს ხმოსანს, ვესელოზვოროვს, წინადადება წარუდგენია, გოლოვინის  ქუჩაზე, სასახლის პირდაპირ, დიდი კნეინას, ოლგა ფეოდორის ასულის ძეგლი დაიდგას  მისი  სახელის  უკვდავსაყოფად და ამისათვის 500 მანეთი გამოიყოსო. ამის წინააღმდეგი წასულა არქიტექტორი  პავლე ზურაბიანი, ხმოსნებისთვის მოუხსენებია, ძეგლი არ ჩაჯდება გოლოვინის ქუჩის არქიტექტურაში და ამიტომ, დავდგათ მისივე სახელობის ქალთა გიმნაზიის ეზოშიო. იმდენი ულაპარაკია უფალ ზურაბიანს, ხმოსნები დაურწმუნებია თავის სიტყვაში და არქიტექტორისთვის დასტური უთქვამთ…

ტფილისიდან გასახლებულ იმ ებრაელებს, რომლებსაც ქალაქში ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ, გუბერნატორისთვის საჩივარი წარუდგენიათ: გასახლების დროს პოლიციელები უხეშად გვექცეოდნენო. მოწმედ მეზობლები დაუყენებიათ, რომლებსაც უქვამთ, არ ეკადრება ტფილის ქალაქს ასეთი პოლიციაო… სულ 120 საჩივარი შესულა. ახლა პოლიცმეისტერი ამ საქმეების განხილვაშია, თურმე…

რუსეთის წყალში მაშველთა საიმპერატორო საზოგადოებამ საცურაო სკოლა გახსნა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვერის ხიდის ქვეშ. ახლა ქალაქის სათათბიროს სთხოვს, იქ ნაგვის დაყრა აკრძალოს… ქალაქის თავმა გაითვალისწინა  გოგოლის ქუჩის მცხოვრებლების თხოვნა, მათ ქუჩაზე ქვაფენილის დაგების შესახებ და ახლა გამალებული სამუშაოები მიმდინარეობსო… გახარებიათ  ტფილისელებს, კარგი ამბები…  1901 წლის მკათათვე იყო მაშინ…