გურჯაანის სოფელ კაჭრეთში ელექტროენერგიის ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

712

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ელექტროენერგიის 0,4 კვ-იანი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლების თქმით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 სატრანსფორმატორო ჯიხურს და გარეშე პირის შეღწევისაგან მაქსიმალურად იქნება დაცული.

“ასევე, სოფელ კაჭრეთში დაგეგმილია ავარიული ძველი ხის საყრდენების შეცვლა რკინა-ბეტონისა და ხის საყრდენებით. კომპანია ქსელში ახალ 550 საყრდენს დაამონტაჟებს, ხოლო ამორტიზებული ღია სადენი 23 500 მეტრზე დახურული იზოლირებული კაბელით შეიცვლება.

კომპანია ქსელის რეაბილიტაციასთან ერთად, სოფელ კაჭრეთში მცხოვრებ 875 აბონენტს ინდივიდუალურ მრიცხველებს დაუმონტაჟებს. ქსელის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად აღნიშნულ სოფელში მინიმალურად შემცირდება ავარიული სიტუაციები, უზრუნველყოფს ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებას, ენერგომომარაგება გახდება უფრო უსაფრთხო და სტაბილური.

სოფელში ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება”,- აცხადებენ კომპანიაში.