თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ტრამვაი ან მიწისზედა მეტრო იმოძრავებს

1382

თბილისი  რუსთავს, შესაძლოა, მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდეს. ამის შესახებ, მერიის დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

„მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის განვითარებაზე დედაქალაქის განვითარების გენგეგმაშია საუბარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება. დღეს რუსთავიდან თბილისში და პირიქით, დღეში 20 ათასამდე კაცი გადაადგილდება, მგზავრთნაკადს კი 300 მიკროავტობუსი ემსახურება.

რკინიგზის გადატანის შემთხვევაში თავისუფლდება სივრცე, რომლის გამოყენებითაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ თბილისი მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტით რუსთავს დაუკავშირდეს. არსებული სალიანდაგო ხაზი რუსთავის მახლობლად მდებარე სოფელ ყარაჯალამდე ჩადის და იქიდან ძალიან პატარა მონაკვეთია, რომლის დაკავშირება რუსთავთან, ფაქტობრივად, ერთი ხიდით შეიძლება და მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი თბილისიდან რუსთავამდე ჩავა.

სატრანსპორტო ჰაბი შესაძლებელია “სამგორის” მეტროსთან გაკეთდეს. აქ მგზავრი ამოვა მეტროდან და შესაძლებლობა ექნება, ჩქაროსნული მიწისზედა ტრანსპორტით წავიდეს “ისთ პოინტამდე”, ლილომდე და ასევე, რუსთავამდე,“- აღნიშნა მუმლაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი